უკმაყოფილება წყლის მრიცხველებზე

სასმელ წყალზე მრიცხველების დამონტაჟება მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა და მუშების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. 

გამრიცხველიანების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ასტორია” ასრულებს. 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ მის კორპუსში მრიცხველები არასწორად დაამონტაჟეს: “მრიცხველები სად უნდა დაეყენებინათ, არ იცოდნენ. რაღაც არასწორად შეაერთეს, მეოთხე სართულზე რომ რთავდა მეზობელი “მატორს”, ჩემთან, მეორე სართულზე ამოდიოდა წყალი. მოვიყვანეთ და ხელახლა გავაკეთებინეთ”.


ეს ქალბატონი გამონაკლისი არ არის. “ასტორიას” მუშაობით უკმაყოფილოა მეორე რესპონდენტიც. იგი გვთხოვს, ვინაობა არ დავწეროთ, რადგან პრობლემების შექმნას ერიდება და გვეუბნება, რომ მის კორპუსში მისულ მუშებს მეზობლად მცხოვრები სანტექნიკოსი რომ არ დახმარებოდა, ვერავინ გაიგებდა, ვისი მრიცხველი ვის მილზე დამონტაჟდებოდა. 

შპს “ასტორიაში” ამბობენ, რომ სამუშაოებს იმ ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქვთ გაფორმებული. მუშებს კი თავად კლიენტმა უნდა აუხსნას, სად დაამონტაჟონ მრიცხველი.  

“ბევრს გაყვანილობები კედელში აქვს და კედლებს ხომ არ დავუნგრევთ?”- ამბობს შპს “ასტორიას” დირექტორის მოადგილე ამირან გოზალიშვილი.

შპს “აღმოსავლეთის წყალის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალში აცხადებენ, რომ მრიცხველების დიდი ნაწილი სარდაფებსა და ეზოებშია დაყენებული. ასეთ პირობებში დამონტაჟებულ მრიცხველებს კი არ ჩაიბარებენ.

“რომ არ გაიყინოს, სამზარეულოსა და აბაზანაში უნდა დამონტაჟდეს. ხელახლა დასამონტაჟებელ მრიცხველებს არ ჩავიბარებთ”, - ამბობს შპს “აღმოსავლეთის წყლის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ბილინგის სამსახურის უფროსი ზურაბ იაძე. “ასტორიაში” კი ამბობენ, რომ წყალი ბინების ეზოებიდან და სარდაფებიდან ნაწილდება და მრიცხველები ამიტომაც დამონტაჟდა ამ ადგილებში. 

ზურაბ იაძის განმარტებით, იმ აბონენტებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასწორად დაუმონტაჟეს მრიცხველი, განცხადებით უნდა მიმართონ, ან უბრალოდ აცნობონ “აღმოსავლეთის წყლის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალს და თავის მხრივ, ისინი “ასტორიას” დაავალებენ შეცდომის გამოსწორებას. თუ მონტაჟი სამუშაოების დამთავრებამდე არ შეიცვალა, შემდეგ მოსახლეობას შესაძლოა საკუთარი ხარჯით მოუხდეს მრიცხველის დაყენება.

დახარჯული წყლის საფასურის მრიცხველის მონაცემის მიხედვით გადახდა იანვრიდან დაიწყება. ამ დროისათვის აბონენტებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებებიც გაფორმდება. უკვე დადგენილია წყლის ტარიფიც, ერთი ტონა წყალი 0,60 ლარი ეღირება. ზურაბ იაძე ამბობს, რომ მათი გაანგარიშებით ოჯახი დღეში საშუალოდ 350-400 ლიტრ წყალს მოიხმარს, რაც თვეში 12 ტონამდეა. შესაბამისად წყლის გადასახადი 7-8 ლარი გამოდის. 

მოსახლეობა უკმაყოფილებას წყლის ტარიფის გამოც გამოხატავს. ისინი ამბობენ, რომ ერთ ტონამდე წყალს ერთ დღეში ხარჯავენ, გარდა ამისა, წყალი სუფთა არ არის და ცალკე უწევთ სასმელი წყლის ყიდვა, რაც საბოლოოდ სოლიდურ თანხას აღწევს.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ წყლის ტარიფი ამ ეტაპზე დადგენილი არაა. მაგრამ 60 თეთრზე გაცილებით დაბალი იქნება.

“0,60 ლარი, სავარაუდოდ, ორგანიზაციებზე იქნება, მოსახლეობისთვის კი 0,05-0,06 ლარი იქნება, გადახდა რომ შეძლონ”, - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.

ქალაქში წყალი თვითდინებით მხოლოდ პირველ-მეორე სართულებს მიეწოდება. მაღალი სართულების მცხოვრებლები წყლის საქაჩებს, ეგრეთ წოდებულ მატორებს იყენებენ, რაც დამატებით ელექტროენერგიის ხარჯს ნიშნავს.
 
“წყლის ფულიც უნდა გადავიხადო და იმ დენის ფულიც, რომელიც წყლის ამოქაჩვაში დაიხარჯება. საბოლოოდ რამდენი თეთრი მიჯდება წყალი?!”- უკმაყოფილოა თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ჰასმიკ არაქიანი.

“აღმოსავლეთის წყლის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალში ამბობენ, რომ წყალი ყველა სართულზე თვითდინებით ავა და საქაჩები საჭირო აღარ იქნება. გარდა ამისა, მოსახლეობა სუფთა წყალს მიიღებს 24 საათის განმავლობაში: “წყალი სუფთა რომ არ იყოს, მრიცხველი არ იმუშავებს”.

“ასტორიაში” განმარტავენ, რომ გამრიცხველიანება თვის ბოლომდე დასრულდება. თუმცა ქალაქში ბევრი ისეთი ოჯახი რჩება, რომლებსაც მრიცხველების დამონტაჟება შემდეგ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ: “ბევრი დაკეტილი ბინაა, მათ პატრონებს მეზობლების და ახლობლების მეშვეობით ვაგებინებთ, რომ კარები გაგვიღონ. სამუშაოებს რომ მოვრჩებით, მერე საკუთარი ხარჯებით მოუწევთ მრიცხველის დაყენება”.

ერთი წლის განმავლობაში დაზიანებული მრიცხველის შეკეთებაზე პასუხისმგებელი შპს “ასტორიაა”. ერთი წლის შემდეგ კი აბონენტმა შპს “აღმოსავლეთის წყალის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალს დაზიანებული მრიცხველის შესაკეთებლად წერილობით უნდა მიმართოს. 

ნათია ნებიერიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი