თურქულ აგრესიას ჯავახეთში ერზრუმიდან, ბასენსკიდან, ბაბერდსკიდან, ძერჯანსკიდან და მრავალი სხვა მხარიდან, დაუზუსტებელი ცნობებით, 7 300 სომხური ოჯახი გამოექცა. მასობრივი ჟლეტა, ერთგვარად, ადგილობრივ ეთნიკურ სომხებსაც შეეხო.
ქრსტინა მარაბიანი, ახალქალაქი
ჯავახეთსა და მის მიმდებარე რაიონებში დასავლეთ სომხეთის მცხოვრებლებმა 1830-1831 წლებში დაიწყეს გადმოსახლება. მას შემდეგ, რაც 1829 წლის 2 სექტემბერს ახალქალაქი და ახალციხე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ერზრუმიდან, ბასენსკიდან, ბაბერდსკიდან, ძერჟანსკიდან და სხვა მხარეებიდან ჯავახეთსა და მის მეზობელ რაიონებში 7 300 სომხური ოჯახი (დაახლოებით, 58 ათასი ადამიანი) გადმოსახლდა.
“ანდრიანაპოლისის ხელშეკრულების თანახმად, ახალქალაქი, ახალციხე და ფოთი რუსეთის ხელში გადავიდა. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ტყვეების გაცვლასა და დეპორტაციას გულისხმობდა. ხელშეკრულების შესაბამისად, 90 ათასი სომეხის დეპორტირება განხორციელდა რუსეთის ახლადშეძენილ სამფლობელოებში, სადაც თურქებისა და ქართველების გარდა, სომხებიც ცხოვრობდნენ. ერზრუმიდან (ქარინი) და მისი მიმდებარე სოფლებიდან ლტოლვილები, ძირითადად, ახალქალაქში, ახალციხესა და წალკაში დასახლდნენ. სევანის აუზში ბაიაზეთიდან გადმოვიდნენ. შირაქსა და ტალინში კი ყარსის ყოფილი მცხოვრებლები გადმოსახლდნენ. ეს, ძირითადად, 1829 წლის ბოლოსა და 1830 წლის მაისში მოხდა”, - ამბობს ისტორიკოსი ვაჩაგან რსტაკიანი.
ჯავახეთში საცხოვრებლად გადმოვიდა უამრავი ეთნიკური სომეხი მათი სულიერი წინამძღვრის, არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის წინამძღოლობით. ადგილობრივ სომეხთა 1716 ოჯახთან (დაახლოებით, 10-11 ათასი ადამიანი), 639 მუსულმანურ ოჯახთან და ქართველთა 179 ოჯახთან ერთად (თურქული დავთრების, საგადახადო რეესტრების თანახმად), აქ დასავლეთ სომხეთიდან ჩამოსული 58 ათასი სომეხი დასახლდა. იმპერატორ ნიკოლაი I სურვილით ფელდმარშალმა ი.ფ. პასკევიჩმა მათი ყოფილი ახალქალაქის ტერიტორიაზე დასახლება გადაწყვიტა.
“სომხეთი ლტოლვილებით იყო სავსე. ეს იყო დაახლოებით 200-250 ათასი ადამიანი, აქედან 40-50 ათასი ობოლი. ბუნებრივია, ეს ბავშვები ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმაც შეიფარეს. ამიტომ, პრაქტიკულად, ნაშვილები ობლები ყველა სოფელში არიან. ჩვენს სოფელ სამსარში, როგორც ვიცი, სამი გოგონა იშვილეს. ისინი აქვე გათხოვდნენ და დღეს შთამომავლებიც ჰყავთ”,
- გვიამბობს ვაჩაგან რსტაკიანი.
სოფელ დილისკაში, ძირითადად, დასავლეთ სომხეთიდან, სოფელ დვნიკ ერზრუმიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. ესენი არიან გოგორიანები, კარახანიანები, გაბრიელიანები, კაზარიანები, მკოიანები, მარაბიანები, კოჩოიანები, ნაჰატაკიანები... მრავალ გვარს საკუთარი ისტორია აქვს. კარინე ნაჰატაკიანმა თავის გვარზე საინტერესო ისტორია გაგვაცნო:
“ოდესღაც ჩვენი გვარი ზორიკიანი იყო, მაგრამ წინაპრებმა ნაჰატაკიანად გადაიკეთეს (სომხურიდან პირდაპირ თარგმანში – მოწამე, ანუ წამებული სიკვდილით დაღუპული), ახალგაზრდა გოგონა ვარვარას ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც თურქების ხელით, რწმენის გამო დაიღუპა. როგორც ამბობენ, მისი ორი ძმა ერზრუმიდან ჩვენს სოფელში, საყვარელი ადამიანი კი სოფელ ლომატურცხში დასახლდა”.
ბაბუა სამსონი 96 წლისაა. “ჩემი წინაპრები თურქეთიდან, ერზრუმის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოვიდნენ. ისინი ოთხი ძმები იყვნენ. უფროს ძმას ბარსეგი ერქვა, შემდეგ არუთიუნი, ოგანესი და ნორო მოდიოდნენ. ბარსეგი უფროსი იყო და მას ყველა უსმენდა. თურქეთიდან გამოქცევამდე მათ ასეთი ამბავი შეემთხვათ: ბარსეგი ქუჩაში იდგა, როდესაც მასთან თურქი ბეგი მივიდა და მიესალმა. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამ დროს ბარსეგის ერთ-ერთი რძალი წყალზე მიდიოდა. თურქმა ბეგმა მას შეხედა და უთხრა, როგორ ლამაზი რძალი გყოლიაო. ბარსეგს იმდროინდელი ღირსებისა და ნამუსის შეგრძნება ჰქონდა და მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მან ბეგს სახეში შეაფურთხა და ძმებს უთხრა, რომ შეიარაღებულიყვნენ. ასე გამოქცნენ ისინი ჯერ სოფელ თოკში, შემდეგ კი სოფელ დიდ სამსარში, სადაც სახლი ააშენეს და დაფუძნდნენ. მამაჩემი 1875 წელს უკვე სამსარში დაიბადა”, - გვიამბობს ბაბუა სამსონი.
ლიოვა სევიკიანის დიდმა ბებიამ, პირველი ოჯახის დაკარგვის შემდეგ, ახალი ოჯახი სოფელ არაგვაში იპოვა. “წარმოშობით სოფელ ჯინის ერზრუმიდან ვართ. ყველა, ვინც ამ ჟლეტის შესახებ გაიგო, გარბოდა. მთელი ოჯახიდან მხოლოდ დედა-შვილი გადარჩა და ისინი სოფელ არაგვაში ჩამოვიდნენ. ოჯახების ნახევარი გზაში დაიღუპა. ზოგიერთი ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში დასახლდა. იმ დროს აქ უკვე ადგილობრივი სომხები ცხოვრობდნენ. დედა აქ კვლავ გათხოვდა და სევიკიანი გახდა. მანამდე ისინი გინოსიანები იყვნენ”.
ეს ფაქტი 1915 წელს არ დამთავრებულა და თურქთა მხრიდან დევნას მხოლოდ დასავლეთ სომხეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები არ დაუზარალებია.
“თურქები 1918 წელს ახალქალაქში შემოვიდნენ. მაშინ საზღვრები კარგად დაცული არ იყო. ვინც მოასწრო, გაიქცა. ახალციხესა და წალკაში წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, იქ ნაკლები მსხვერპლი იყო. ახალქალაქში კი სიცივემ და შიმშილმა მეტი ადამიანი შეიწირა. ჩემი ოჯახის ოთხი წევრიდან ორი დაიღუპა და წალკიდან ვეღარ დაბრუნდა. დედა საკუთარი თვალით ნანახს გვიყვებოდა. ბაკურიანის ტყეების მისადგომებთან უამრავი სომეხი გაიყინა. განსაკუთრებით, ბავშვები. ერთი გარდაცვლილი ბავშვი დედის ფეხებთან ესვენა. ეს სურათი მას მუდამ უკან სდევდა”, - გვიამბო ვაჩაგან რსტაკიანმა.
საპროტესტო აქცია ჯავახეთის დასაცავად
ლოზუნგით - “დავიცვათ ჯავახეთი” 20 აპრილს სომხეთში საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სომხეთის ნეოკონსერვატიულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო.
მოძრაობის ლიდერმა ედუარდ აბრაამიანმა აქციას უწოდა “არა მხოლოდ მიტინგი,” არამედ “ბრძოლა სამშობლოს, ერის, ხალხის სახელით”. ედუარდ აბრაამიანმა განაცხადა, რომ ჯავახეთში აკრძალულია სომხური წიგნების, გაზეთების, კროსვორდებისა და მსგავსი ლიტერატურის შეტანა. საქართველოს ხელისუფლება ქმნის საინფორმაციო ვაკუუმს; იხურება სომხური საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ახალგაზრდული ორგანიზაციები და, შესაბამისად, პოლიტიკური ვაკუუმიც ყალიბდება. საქართველოს საელჩოს შენობასთან გამართული მიტინგის ორგანიზატორმა სიტყვა შემდეგი ფრაზებით დაასრულა: “ჩვენ მოვედით ყველას გასაფრთხილებლად, რომ თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდება, ამ რეგიონში ცოტა ხნის შემდეგ ცნება სტაბილურობა გაქრება. ძალადობას დაპირისპირება მოჰყვება და ასე გაგრძელების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯებიც ადეკვატური იქნება, რადგან თავისუფალ და მომთხოვნ ჯავახეთში მცხოვრებლებს, გვერდში ჩვენ, აქ შეკრებილები ვყავართ. ჩვენ მოვედით, რათა ერთად დავიცვათ ჯავახეთი”.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
ქართულ-სომხური თანამშრომლობა განათლების სფეროში
16-17 აპრილს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვია. მხარეებმა განათლების სფეროში ქართულ-სომხური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები, სომხეთის ბრიუსოვის სახელობის ლინგვისტიკის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის გახსნის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შეხვედრისას მისი სომეხი კოლეგა არმენ აშოტიანი საქართველოს სომხურ სკოლებში სახელმძღვანელოების პრობლემასაც შეეხო. სომხეთის განათლების მინისტრმა ქართულ მხარეს შესთავაზა, რომ სახელმღვანელოების რედაქტირება სომხეთში მოხდეს და საქართველოში მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდოს. სომხურმა მხარემ, ასევე, წამოაყენა წინადადება საქართველოს სომხური სკოლებისათვის “სომხური ეკლესიის ისტორიისა” და “სომხეთის ისტორიის” სახელმძღვანელოების მიწოდების თაობაზე, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვადამდელი დადებითი გამოხმაურება მიიღო. თუმცა ამ წინადადებას კონკრეტული რეაგირება არ მოჰყოლია და ჯერჯერობით ხელშეკრულებაც არ დადებულა.
დიმიტრი შაშკინმა, თავის მხრივ, კოლეგას აცნობა, რომ უახლოეს მომავალში მოსამზადებელი კოლეჯების გახსნა იგეგმება, “რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, საზოგადოებაში ინტეგრირება და შესაბამისი განათლების მიღება ადრეული ასაკიდან შეძლონ”. ქართულმა მხარემ მასწავლებელთა აკრედიტაციისათვის ტესტების შედგენასა და ცოდნის შემოწმებაში დახმარებაც ითხოვა.
არმენ აშოტიანი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, დედაქალაქის ¹104-ე სომხურ სკოლას ესტუმრა, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა, ასევე, სურბ გევორგის ეკლესიაში იყო და სომხების პანთეონიც მოინახულა.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი
ემიგრანტები საარჩევნო სიებში
ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უბნებზე გასატანად ამომრჩეველთა ერთიანი სია უკვე მიიღო. საარჩევნო სიებში ემიგრანტებიც არიან.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
25-26 აპრილიდან ახალციხის ოლქის 38-ვე საარჩევნო უბანზე სიები გაიკვრება და ამომრჩევლებს მათი გადამოწმების საშულება ექნებათ.
“ეს ცესკოს, საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური პარტიების გადამოწმებული სიებია”, - ამბობს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი.
გადამოწმებულ სიებში კვლავ დიდ უზუსტობას ქმნიან ემიგრანტები.
თამარაშვილის #4-ში მცხოვრებლებიდან საზღვარგარეთ ცხრა პიროვნებაა გასული. შვიდი მათგანი ოჯახიდან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროსაა წასული: მაია ხმალაძე, ლია ჯანხოთელი, ნონა კაპერსკი, დავით ინასარიძე, ნუნუ ინასარიძე, თამარ ინასარიძე, დავით თხელიძე, მალხაზ ფეიქრიშვილი და ეკა
ივანიძე.
დავით ინასარიძე საბერძნეთში სამი წლის წინ, ნუნუ ინასარიძე კი ექვსი წლის წინ
წავიდა.
“მათ სახელზე ბიულეტენი ყოველთვის მოგვდის. თამარმა საქართველო დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა, ბოლო არჩევნებზე მის სახელზე ბიულეტენი აღარ მიგვიღია”, - აცხადებს ნუნუ ინასარიძის შვილი ლევან ინასარიძე.
თამარაშვილის #4-დან თამარ ინასარიძე ერთადერთი ემიგრანტია, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიიდან ამოღებულია. დანაჩენი რვა კი სიაში ჩვეულებრივი განმარტების - “უცხოეთშია” - გარეშე რჩება.
ორი
წელია, დატოვა საქართველო თამარაშვილის #29-ში მცხოვრებმა კახაბერ ჩოხელმაც. მეზობლების განცხადებით, იგი საბერძნეთში იმყოფება. თუმცა ის, რომ
კახაბერი უცხოეთშია, საარჩევნო სიაში მითითებული არაა.
ასპინძის #38-დან
საზღვარგარეთ ოთხი პირია წასული: ნინო შემაზაშვილი, რეზო ნებაძე, თამარ ბარაბქაძე და რეზო თუმანიშვილი.
ამათგან, თამარ ბარბაქაძე სიაში საერთოდ არაა, დანარჩენების სახელი და გვარი მოცემულია, თუმცა ის,
რომ
უცხოეთში იმყოფებიან, არც
მათ
გრაფაშია აღნიშნული.
ახალციხის #¹37 ოლქში საარჩვენო სიები ორმა პოლიტიკურმა პარტიამ “რესპუბლიკელებმა” და “კონსერვატორებმა” გადაამოწმეს. მათი განცხადებით, საარჩევნო სიებში ყველაზე მეტ უზუსტობას ქვეყნიდან სწორედ არალეგალურად გასული პირები ქმნიან.
“ვინც ლეგალურადაა გასული, იმას საოლქო ავტომატურად ამოაგდებს. არალეგალურად გასულების შემთხვევაში კი, ფორმა, რომელსაც გადამოწმებისას ვავსებთ, ითვალისწინებს მეზობლების ან ოჯახის წევრების დადასტურებას, მაგრამ ამას არავინ ადასტურებს”, - აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
ლეილა ნარიმანიშვილის განცხადებით, არალეგალურად ქვეყნიდან გასულის სიიდან ამოღების უფლება არავის აქვს: “ეს ადამიანები კანონდამრღვევები არიან. ვერანაირად ვერ გადაამოწმებ, ის არაკანონიერადაა გასული თუ არა. რა უფლება გაქვს, სიიდან ამოიღო?! იქნებ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ბრუნდება და არჩევნების დღეს თავის ქვეყანაშია?!”
საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისიის 22 აპრილის ¹28/2010 დადგენილებით, საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “იმყოფება უცხოეთში”, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩვეველს, რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “საკონსულო აღრიცხავზე”, არჩვენებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს მიმართავს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.
“ამდენად, კენჭისყრის დღეს ქვეყანაში დაბრუნებულ პირებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ლეილა ნარიმანიშვილი.
საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანა 20 მაისამდეა შესაძლებელი. მანამდე კი საქართველოში მყოფ პირებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება უბნებზე შეუძლიათ. ვინ როგორ გამოიყენებს ემიგრანტების ბიულეტენებს, ეს მხოლოდ არჩვენების შემდეგ გაირკვევა.
Subscribe to:
Posts (Atom)
