ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზები


გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ხასიათის ფსიქიკური აშლილობები; დაავადებულთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მათი ზრდის ტემპი და გამომწვევი მიზეზები.

ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას ხუთი მუნიციპალიტეტის (ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი) ქრონიკულ ფსიქიკურ ავადმყოფებს უწევს. დისპანსერი 1986 წლიდან ფუნქციონირებს. აქ სტაციონალურ აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა რიცხვი ყოველწელს იზრდება. დღეისათვის აღრიცხვაზე 1 900-მდე პაციენტია. ყოველწლიურად დისპანსერში საშუალოდ 50-დან 80-მდე ავადმყოფი რეგისტრირდება.

“პაცინეტების რაოდენობის ზრდა გასაკვირი არ არის. ყველამ ვიცით 1986 წლიდან 2010 წლამდე ქვეყანაში რა პოლიტიკური და სოციალური ვითარება იყო. ბოლო დროს დეპრესიულმა ფონმა განვითარებულ ქვეყნებშიც კი იმატა”, - ამბობს ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის დირექტორი ლამარა კიკნაძე.

მისი განმარტებით, დისპანსიურ აღრიცხავზე მყოფი ავადმყოფების რაოდენობიდან 42 პროცენტი გონებრივად ჩამორჩენილია. შიზოფრენიით და შიზოფრენიული ფსიქოზებით დაავადებულთა რაოდენობა 25 პროცენტია. 18 პროცენტი ჭკუასუსტობით და ეპილეფსიით ხასიათდება, 5 პროცენტზე ნაკლები კი ნევროზებზე, აფექტურ და პერსონოლოგიურ აშლილობებზე მოდის.

რაიონების მიხედვით რეგისტრირებული ავადმყოფებიდან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გონებრივ ჩამორჩენილობებზე ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებშია. ახალციხეში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ეს რიცხვი თითქმის თანაბარია და 40 პროცენტს აღწევს. რაც შეეხება შიზოფრენიულ ფსიქოზებს და ორგანული ბუნების აშლილობებს, მეტია ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. აფექტური აშლილობები ბევრია ახალციხეში.

“შარშან პირველადი ავადმყოფების რიცხვმა იმატა. 34 სტაციონარში,  სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. წელს რვა პაციენტი მოვათავსეთ სტაციონარში”, - გვიხსნის კიკნაძე.

მისი თქმით, თუ აქამდე სახელმწიფო პროგრამა 8 ნუზულოგიით შემოიფარგლებოდა, ანუ ავადმყოფთა მხოლოდ 25 პროცენტს აფინანსებდა, დროთა განმავლობაში დაფინანსება გაიზარდა: “სახელმწიფომ თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო სოციალურად მნიშვნელოვანი ფსიქიკური აშლილობის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარება. ასე რომ არ ყოფილიყო, მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი არ იქნებოდა”.  

სახელმწიფო პროგრამის ზრდის გამო დისპანსერში პაციენტთა ვიზიტები გაიზარდა: “არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტი დისპანსერს 2009 წელს ჰქონდა, 5 000-ს გადააჭარბა”.

დისპანსერის დირექტორის თქმით, ფსიქიატრთან ვიზიტი რომ სირცხვილად არ ითვლებოდეს, დაავადებულთა რაოდენობა ბევრად უფრო მცირე იქნებოდა: “ჩვენთან მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდიან, როცა დაავადება აღარ იფარება”.

კიკნაძე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე საუბარს მემკვიდრეობითი განწყობით იწყებს: “ხშირია, როცა პირდაპირი გზით კი არა, დაავადება გვერდითი შტოებით ფიქსირდება. შეიძლება მუცლად ყოფნის პერიოდშიც მოხდეს დაზიანება. მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური სტრესიც”.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში სამი ძირითადი ეტიმოლოგიური ფაქტორი გამოიკვეთა – თავა-ქალის ტრამვები, ალკოჰოლიზაცია და ნარკომანია: “შეიძლება ნარკოტიკი ერთხელ გასინჯოს ცნობისმოყვარეობით და ყევლაფერი ამნეზირებული ჰქონდეს. ამის შემდეგ აშლილობები ხშირად ეწყებათ”.

ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქო-ნევვოლოგიურ დისპანსერს სამი ფსიქიატრი, სამი მედდა, მოწვეული ნევროპათოლოგი და ფსიქოლოგი ემსახურება.  დისპანსერის დაფინანსება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ხდება და მისი რაოდენობა თვეში ფიქსირებულ 6 137 ლარს შეადგენს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

“მესხეთის” მორიგი გამარჯვება


27 აპრილს ახალციხის საფეხბურთო გუნდ “მესხეთმა” ლაგოდეხის “ჰერეთს” უმასპინძლა. თამაში “მესხეთის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დამთავრდა. 

ლაგოდეხის “ჰერეთმა”, რომელიც ახალციხის “მესხეთს” ჯგუფში ერთი ქულით უსწრებდა, მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანა ვერ შეძლო.

“ჰერეთი” ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო. ამ გამარჯვებით უკვე ორი ქულით გავასწარით”, - ამბობს ახალციხის “მესხეთის” მთავარი მწვრთნელი პაატა გოგოლაძე.

ლაგოდეხელების კარში სამი უპასუხო გოლი ზურა სუდაძემ, დიმა ლეკიშვილმა და დათო ინასარიძემ გაიტანეს.

წინა თამაში “მესხეთმა” მარცხით დაასრულა. მარტვილის “მერანმა”, რომელიც ჯგუფში მეექვსე ადგილზეა, ახალციხის გუნდს 2:1 აჯობა.

“ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ მსაჯმა არ დაგვინდო და ორი თერთმეტმეტრიანი პენალტი დანიშნა”, - ამბობს პაატა გოგოლაძე.  

ახალციხის საფეხბურთო გუნდს პირველი ლიგის მეორე წრეზე ოთხი თამაში აქვს დარჩენილი. თბილისის “35-ე საფეხბურთო გუნდსა” და ტყიბულის “მეშახტესთან” გასვლითი თამაშებია დაგეგმილი. ხოლო ბათუმის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთს” “მესხეთი” საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

თამარ თოთაძე, ახალციხე

ბრძოლა მეოთხე ადგილისათვის


ბორჯომის საფეხბურთო გუნდმა ,,ბორჯომი” ელიტ ლიგის პირველი წრე მეოთხე ადგილით დაასრულა. გუნდი მეორე წრის თამაშებზეც მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.

შეხვედრებში 1994-95 წლებში დაბადებული ვაჟები მონაწილეობენ.   

“პირველ წრეზე მე-3-მე-4 ადგილები გავიყავით თბილისის საფეხბურთო გუნდ ,,ავაზასთან”. მეორე წრეზე ,,დინამოს” მოვუგეთ გამსვლელი თამაში, ერთი ფრე ვითამაშეთ და ორი შეხვედრა წავაგეთ. ამჟამად მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით და მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით”, - ამბობს მწვრთნელი ჯუნგლე ქართველიშვილი.

ელიტ ლიგის თამაშებში 12 გუნდი მონაწილეობს, ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება, გაზაფხულზე და შემოდგომით.

“ჩვენი მიზანია, ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე გავიდეთ და შევძლოთ პელეიოპში თამაში. მერე შეგვეძლება ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა”, - ამბობს ქართველიშვილი.

ბორჯომის გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. “გვიყიდეს ბუცები, ფორმები, ბურთები, კვების და გზის ხარჯებიც დაგვიფარეს”, - ამბობს მწვრთნელი და უკმაყოფილია იმის გამო, რომ უსახსრობით დიდების საფეხბურთო გუნდი დაიშალა, - “ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, სხვა ქალაქში მოუწევთ წასვლა. ბორჯომში კი დიდების ფეხბურთი მხოლოდ მოყვარულების დონეზე იქნება”.  

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

შესაძლებლობა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს


მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ,,კერძო სკოლათა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს. საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემენ, უფასოდ ისწავლონ.

სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას ის მოსწავლეებიც. რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტინენტის რაოდენობაზე კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესში” განაცხადა.

ახალციხეში არსებული კერძო სკოლა ,,მზექას” დირექტორის ბელა კაპანაძის განმარტებით, ახალი პროექტი მათ სკოლაში უკვე დაწყებულია: ,,ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ქულათა შესაბამისი რაოდენობა, შეუძლიათ, მოვიდნენ ჩვენთან, წარვადგენთ მათ მონაცემებს და სახელმწიფო ჩაურიცხავთ   საჭირო თანხას”.  

ნათია პარუნაშვილი, ახალციხე