4 საათზე მეტია მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას ეძებენ

ახალციხეში, ყოფილი  პოლიკლინიკის შენობის ჩამონგრევისას, ნანგრევებში მოყოლილ 23 წლის ირაკლი კოტორაშვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 


შემთხვევა დაახლოებით დღის ორ საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის დროს შენობაში სამი მუშა იმყოფებოდა.  ორმა მათგანმა ნგრევას გამოასწრო, თუმცა ერთ-ერთმა, შოთა გიქოშვილმა, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. გი ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაიონული საავადმყოფოს ექიმის პაატა ერეკლიშვილის თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


შემთხვევის ადგილას ახალციხის სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის ნანგრევების გაწმენდვა მიმდინარეობს.


''სინკარები'' უნდა აიწიოს და გასუფთავდეს ადგილები, იმიტომ რომ ისიც არ ვიცთ სად, რომელ ადგილზეა მოყოლილი ადამიანი'', -  ამბობს სამაშველო სამსახურის ბრიგადის უფროსი ზაზა ნათენაძე.

შენობა, სადაც ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა იყო განთავსებული, ორი თვის წინ დაცალეს და ამჟამად დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობდა.

''რამ გამოიწვია ნგრევა არ ვიცით, მესამე სართულია ჩამონგრეული,  ვიმედოვნებთ, რომ ნანგრევებში მოყოლილის გადარჩენა მოხერხდება'', - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი.

შემთხვევის თვითმხილველი ია გვირჯიშვილი, რომელიც პოლიკლინიკის შენობის წინ მდგარ ჯიხურში გაზეთებს ყიდის, ამბობს, რომ ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში სამუშაოები დაახლოებით ორი კვირაა  დაიწყო: ''ვინ და რას აკეთებს არ ვიცი. არც ის ვიცოდი, დღეს ვინმე თუ მუშაობდა. დაახლოებით ორის ნახევარი იქნებოდა, ძლიერი ხმაური გაისმა, შენობის წინა მხარეს ფანჯრები გადმოინგრა და აგურები გადმოცვივდა. მერე მესმოდა ხმა როგორ ეძახდნენ ერთ მუშას, ხმა გაგვეცი, ცოცხალი ხარო?''


ვინ და რა მიზნით აწარმოებდა სამუშაოებს, გამგებლის მოადგილე არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ ადგილას სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი და მისი ინფორმაციით, სამუშაოებს კერძო ინვესტორი ასრულებს. 















ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი