გლეხები მოსავალს იღებენ




თამუნა უჩიძეახალციხე
შირინიანიახალქალაქი



მოსავლის აღება სრულდება, გლეხებმა მოწეული ჭირნახული თითქმის დააბინავეს. როგორია შემოდგომა სამცხე-ჯავახეთში;

უხვი მოსავალი მესხეთში

ქერი, ხორბალი და ლობიო უკვე შინ მიიტანეს; კარტოფილისა და სიმინდის აღება არ დასრულებულა; ჯერ არც სტაფილო, ჭარხალი და კომბოსტო აუღიათ ბაღებიდან; ხეხილის მოკრეფა დაწყებულია. გასულ წელთან შედარებით, წელს, გლეხები მიღებულ მოსავალს არ ემდურებიან.

კარტოფილი არ ამოგვიღია, მაგრამ ურწყავად არც ისე წვრილებია. სიმინდი ცოტა მითესია, რაც დავთესე კარგად მოვიდა, მაგრამ ეგაა ყვავები ჭამენ და ვერაფერი მოვუხერხეთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრები ნაზი ჯვარიძე. მისი თქმით, წელს სოფელში ყველაზე ნაკლებად ხილს ასხია.

ჯვარიძეებმა წელს 800 ძირი პომიდორი დარგეს, მაგრამ არ მოვიდა: არაფერი დავაკელით, არც მორწყვა, არც შეწამვლა და ორი-სამი ცალი ძლივს გამოიბა, არადა შარშან საუკეთესო პომიდორი გვქონდა”.

პომიდვრის მოსავლით უკმაყოფილო არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეშიც. ცოტა ესხა, მაგრამ რაც იყო ზედვე დალპა. არცერთი ცალი არ მოგვიწყვეტია. სოფელში ბევრმა შეწამლა კიდეც, მაგრამ არაფერი შეცვლილა, - ამბობს კლდეში მცხოვრები გურამ დიასამიძე და ამატებს, რომ წელს კლდეში ხეხილის და მარცვლეული კულტურების მოსავალიც ნაკლებიამხოლოდ სიმინდსა და კარტოფილზე ვერ დავიწუწუნებთ”.

კარტოფილისა და სიმინდის კარგი მოსავალია ადიგენშიც. საწუწუნო არაფერი გვაქვს” - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში მცხვორები ემზარ ინასარიძე, რომელმაც ათას მეტრზე დათესილი კარტოფილის ყანიდან მოსავალი იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ელოდასიმინდი 2 500 მეტრზე მოვაპნიე, ჯერ არ ამიღია, მაგრამ კარგი ტაროები აქვს”.  

წელს ადიგენში ვაშლსაც კარგად ასხია. “ჯერ მოკრეფა არ დაგვიწყია, მაგრამ რეალიზაცია გაგვიჭირდება. გასულ წლებში ახალციხეში ვაშლის ჩასაბარებელი პუნქტი იყო და გააუქმეს. არ ვიცით ამდენ ვაშლს რა უნდა მოვუხერხოთ”, - გვითხრა ემზარ ინასარიძემ.

ტონობით ვაშლის რეალიზაციისპრობლემა უკვე გადაჭრაინასარიძის თანასოფლელმა იოსებ ხმალაძემ: “გავჩეხე ვაშლის ბაღები, არავინ იბარებდა და სად უნდა წამეღო?!” ხმალაძეებს წელს კარტოფილის კარგი მოსავალი აქვთ, სიმინდსაც არა უშავს: მართალია, ჰიბრიდულმა ჩვენ სოფლეში არ გაამართლა, პატარა ტაროები აქვს და არც სიმაღლეში გაიზარდა, მაგრამ ის, რასაც მანამდე ვთესავდით, კარგად მოვიდა”.   

საწინააღმდეგოს აცხადებს წახანში მცხოვრები კობა თვალაბეიშვილი: ლობიო 2 ათას მეტრზე მეთესა მაგრამ ვერაფერი ავიღე. რაც ზემოდან იყო და სეტყვა მოხვდა, ყველაფერი გაფუჭდა”.

წელს სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. 4 ივლისსა და 14 აგვისტოს მოსულმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა ათობით სოფელში ასობით ჰექტარზე დათესილი თითქმის ყველა სახის კულტურა, მინიმუმ 30-40 პროცენტით გაანადგურა.

მოსავლის 90 პროცენტი დაბინავებულია, მხოლოდ კარტოფილი დარჩა ამოსაღები მაღალმთიან სოფლებში. 15 ოქტომბრამდე სიმინდსაც მიიტანენ შინ”, - გვიხსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში თამაზი ქველაძე.

წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარზე დათსილი ხორბლიდან 140 ტონა აიღეს, 180 ჰექტარზე დათესილი ლობიოდან - 190. 2 ათას ჰექტარზე დათესილი კარტოფილიდან კი 20 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება სიმინდს, 700 ჰექტრიდან 72 ამერიკულ ჰიბრიდს უკავია. “პიონერისუხმოსავლიანობის გათვალისწინებით, ადიგენელები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 1 750 ტონა სიმინდის მიღებას ელიან.

ბოსტნეულს 200 ჰექტარზე 3 000 ტონას ველოდებით, ბაღჩეული კულუტრები კი 20 ჰექტარზე 200 ტონა მივიღეთ”, - ამბობს ქველაძე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ალიკა კოსტანიშვილის თქმით, მოსავლის თვალსაზრისით წელს ძალიან კარგი წელია, რადგან მარცვლეული კულტურების წარმოება 5 ათასი ტონით არის გაზრდილი: “4 ათას ტონაზე მეტი საკვები დამზადდა ბარში ისე, რომ მთაში წასვლა არ დასჭირვებიათ. გასულ წლებში ხეხილი სტიქიამ გაგვიფუჭა, წელს კი 3 ათას ტონამდე ხილი მოგვივა”.

ახალციხისსასოფლო საკონსულტაციო სამსახურშიამბობენ, რომ ზაფხულის დასაწყისი უხვი ნალექით გამოირჩეოდა, ამან კი მარცვლეული კულტურების მოსვლას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. თუმცა, გრილი ამინდები ბოსტნეულისთვის სასარგებლო ნაკლებად აღმოჩნდა.

კიტრის დაბალი მოსავალი მოვიდა. პომიდორმა დამწიფება ვერ მოასწრო. ზაფხულში გამთენიისას ტემპერატურა ხშირად ხუთი გრადუსი იყო. ეს ბოსტნეულში დაავადებების ფონს აჩენს”, - გვიხსნისსასოფლო საკონსულტაციო სამსახურისსპეციალისტი პავლე გიქოშვილი. მისივე თქმით, წელს ნაადრევად აცივდა, თუმცა, გლეხებს მოსავლის აღებაში ეს ხელს არ შეუშლის.

კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქში

ახალქალაქელ ფერმერებს შორის კარტოფილის მოსავლის შესახებ მოსაზრება არაერთგვაროვანია. ზოგს მოსავლიანი წელი აქვს, ზოგს კი არა. ცუდი მოსავალია იმ სოფლებში, სადაც კარტოფილის ნათესები ძლიერმა სეტყვამ დააზიანა, დანარჩენ სოფლებში კი, რომლებსაც სეტყვა არ შეხებია, მოსავალი კარგია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯერჯერობით, მოსავლის ნახევარიც არ არის აღებული, ამიტომაც სპეციალისტებს საშუალო მოსავლიანობაზე საუბარი უჭირთ.

ველიხან ქერობიანის თქმით, ყველაზე ადრე კარტოფილის ამოღება სოფელ ჩამდურაში დაიწყეს. ამ სოფელში ყველაზე დიდი ნათესებია და რომ მოასწრონ, მოსავლის ადრიანად აღებას ამის გამო შეუდგნენ. სოფლებში ბარალეთი, ხანდო,  კარტოფილის აღება არც დაუწყიათ.

მოსავლის ადრიანი აღება მოსავლიანობაზე არ მოქმედებს, უბრალოდ შენახვას ართულებს. კარტოფილის კანი თხელია და შენახვა ჭირს, ადრე ფუჭდება. საშუალო მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით მაღალია, თუმცა, ზუსტი ციფრის თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. არის ადგილები, სადაც მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 300-350 ცენტნერია, ზოგან კი მხოლოდ 150 ცენტნერი”, - ამბობს აგრონომი ველიხან ქერობიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება წელს სექტემბრის პირველ ნახევარში დაიწყო. ეს ძირითადად იმ ფერმერებმა გააკეთეს, ვისაც საადრეო კარტოფილი ჰქონდა დათესილი, თუმცა, ყველა ფერმერმა კარტოფილის მომწიფების ვადა არ იცის. ამიტომაც ზოგმა აღება იჩქარა და შედეგად, კარტოფილი გაუფუჭდა. ამ სიტუაციის მიზეზად სოფელ მაჯადიას მცხოვრები მანველ საღათელიანი სოფლებში აგრონომების არყოფნას ასახელებს:
ხალხი ჩქარობს, რადგან აგრონომები, ვინც მათ მიმართულებას მისცემდა, არ არიან. ასეთი ხალხი მუნიციპალიტეტის დონეზე არ არსებობს, ეს ყველაზე ცუდია. ჩემმა მეზობელმა კარტოფილი ნაადრევად ამოყარა და მოსავალი უკვე დაულპა, რადგან სათხრელმა თხრის დროს კარტოფილი დააზიანა, სიცხის გამო კი დაზიანებული მოსავალი დალპა”.

მანველს წელს ასი არი კარტოფილი ქონდა დათესილი და მეზობელივით მოსავალი რომ არ დალპობოდა, ამოღება ადრე არ დაუწყია. ჯერჯერობით მთელი მოსავალი არც აქვს აღებული, მაგრამ უკვე ამბობს, რომ შარშანდელზე გაცილებით მეტი კარტოფილი მოიყვანა: გასულ წელს ცუდი ამინდი იყო, წელს კი პირიქით და მოსავალმა გაამართლა. წელს ნათესები გავანოყიერე და ვფიქრობ, დანახარჯს დავფარავ. დაახლოებით, 12 ტონა კარტოფილის აღებას ვვარაუდობ. თანასოფლელებთან შედარებით, კარგი მოსავალი მაქვს, თუმცა, თუ მთელი მუნიციპალიტეტის მოსავლიანობას შევადარებთ, შედეგი კარგი არ არის”. 

სოფელ კუმურდოს მცხოვრებმა ლაურა გალოიანმა წელს საადრეო კარტოფილი დათესა და მოსავალი უკვე აიღო.

წელსმარაბელლამქონდა დათესილი. სათესლე კარტოფილის ყიდვისას სორტს აუცილებლად ვარკვევთ, რათა მოსავლის აღების დრო სწორად განვსაზღვროთ. მოსავალი კარგია, თუმცა, ჩვენს სოფელში ზოგიერთი ნათესი სეტყვამ დააზიანა, - ამბობს იგი.

ალასტანელმა სუსანნა ხდრიანმა წელს 20 არი კარტოფილი დათესა და მოსავლით კმაყოფილი არ არის: ჯერჯერობით, კარტოფილი 10 არზე ამოვთხარეთ და სახლში მხოლოდ 30 ტომარა კარტოფილი წავიღეთ. ვერ გავყიდი, რადგან ჩვენც ძლივს გვეყოფა. გასულ წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი მქონდა.

წინა კვირის დასაწყისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე თოვლნარევი წვიმა მოდიოდა, ამიტომ კარტოფილის ამოღება გადაიდო.

სოფელ აზავრეთის მცხოვრებ ვალერა დავთიანს კარტოფილის მოსავლის აღება ჯერ არ დაუწყია:
“50 არი მაქვს დათესილი და ჯერ მოსავალი არ ამიღია, ამის საშუალება თოვლმა და წვიმამ არ მომცა. ზაფხულში სეტყვა იყო, ახლა ყინვები დაიწყო. არც კი ვიცი, რამდენს ავიღებ და როგორ შევძლებთ ცხოვრებას”.

გუმბურდოელი მარინა მატევოსიანი აღებული მოსავლით კმაყოფილია, თუმცა, მისი თქმით, ზოგ თანასოფლელს წელს შარშანდელზე უარესი მოსავალი აქვს.

მოსავალი ცუდი არაა. ზოგს უკეთესი აქვს, ზოგს კი უარესი. 30 არ მიწაზე 150 ტომარა კარტოფილი ავიღე. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია, თუმცა, შარშან უფრო მეტი იყო. ჩვენ ერთ ტომარა სასუქში 40 ლარი გადავიხადეთ, 1 არის ამოთხრაში 2 ლარს იღებენ, დათესვაც იგივე ღირს. 1 კილოგრამი კარტოფილის ფასი 50 თეთრი ძალიან დაბალია, 80 თეთრი მაინც უნდა იყოს. ხარჯებს ძლივს ვფარავთ”, - ამბობს იგი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი