სამშობლოში და ისევ უკან


საქართველოდან სამკურნალოდ აზერბაიჯანში წასული მაჰმუდ გოჰაროვი, რომლის ოჯახიც ახალციხეში ცხოვრობს, საქართველოში აღარ შემოუშვეს.

ნინო ნარიმანიშვილიახალციხე



მაჰმუდ გოჰაროვს ოჯახის წევრები 17 აპრილის შემდეგ უშედეგოდ ელოდებიან. მიზეზი, რატომ არ უშვებენ მას საქართველოში, მათთვის უცნობია.

73 წლის მაჰმუდ გოჰაროვი აზერბაიჯანში 26 თებერვალს, ექიმთან კონსულტაციისთვის წავიდა. წლების წინ, ვიდრე გოჰაროვები საქართველოში დაბრუნდებოდნენ, მაჰმუდ გოჰაროვმა აზერბაიჯანში თვალის ოპერაცია გაიკეთა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ მას ექიმთან ვიზიტი აქვს დანიშნული.

მეორედ წავიდა კონსულტაციისთვის, თან პასპორტს ვადა გაუვიდა და ისიც უნდა შეეცვალა. უკან კი აღარ შემოუშვეს. ვინმემ ხომ უნდა აგვიხსნას რატომ არ უშვებენ, რა ჩაიდინა, ვის რას უშავებს?! ზის თავისთვის და საქონელს მწყემსავს”, - ამბობს ოჯახის დიასახლისი ფავზია გოჰაროვა.

მაჰმუდ გოჰაროვის პირადობის მოწმობას ვადა მართლაც გასული აქვს. მისი პასპორტის ასლში ვკითხულობთ, რომ მაჰმუდ გოჰაროვსდაბადებულს 1938 წლის 15 ივნისს, პასპორტი აღებული აქვს 2006 წლის 7 მარტს. მისი ვადა კი განისაზღვრება ხუთი წლით, - 2011 წლის 5 მარტიდან პასპორტი გაუქმებულად ითვლება.  

ფავზია გოჰაროვა ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა მის მამამთილს გასულ წელსაც შეექმნა, მაგრამ მაშინ ადვილად მოაგვარეს, - ახლა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ. მინდა წერილი დავწერო პრეზიდენტის სახელზე, მაგრამ მეუღლე ნებას არ მაძლევს. ორი წელია როგორც სტუმრები ისე ვცხოვრობთ, ხომ უნდა მოგვარდეს რაღაც”.

აზერბაიჯანიდან საქართველოში გოჰაროვები 2009 წლის სექტემბერში დაბრუნდნენ. აზერბაიჯანში ყველაფერი გაყიდეს. აღებული ფულით კი ახალციხეში, ჭონქაძის ¹18-ში მდებარე სახლი შეიძინეს.

2009 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში (მისი რეგისტრაციის ნომერია ¹090352237), რომელსაც ნოტარიუს ლია მინაძის შემცვლელი პირი დავით მეტრეველი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აღნიშნული ქონება თბილისში მცხოვრებ ნაირა სუხიტაშვილისგან გოჰაროვებმა 15 000 დოლარად იყიდეს.

იუნუს გოჰაროვი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს, ბინის გაფორმებისას პრობლემები არ შექმნიათ.

ამიტომ უფრო მიკვირს რატომ შეუქმნეს პრობლემები მამაჩემს? ფაქტია, რომ ოჯახით აქ ვცხოვრობთ, სახლიც გაფორმებული გვაქვს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ყველაფერს კანონისა და წესის დაცვით ასრულებენ.

ვიხდით ყველა გადასახადს. სამივე შვილი ტოლერანტში ქართული ენის კურსებზე დადის, რომ მშობლიური ენა ისწავლონ”, - მეუღლის საუბარში ერთვება ფავზია გოჰაროვა და ორგანიზაციატოლერანტისსაბუთს გვიჩვენებს, სადაც წერია, რომ ელდარ, ბინალ და რუსტამ გოჰაროვები ნამდვილად დადიანტოლერანტისქართული ენის შემსწავლელ კურსებზე. საბუთი, 2010 წლის 15 თებერვლითაა დათარიღებული.  

ის, რომ საბაჟოზე ადამიანს არ უშვებენ, ჩვეულებრივი მოვლენაა და ვიცი, რომ ასე სხვა ქვეყნებშიც ხდება, როდესაც, მაგალითად, საბუთები არ აქვთ წესრიგში. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ამ ადამიანს აქ ოჯახი ჰყავს, არის 73 წლის და წავიდა სამკურნალოდ, მიდის პერიოდულად და თანაც იმიტომ, რომ არ არის მოქალაქე და მასზე არ ვრცელდება არანაირი უფასო პროგრამა, აბა რა ქნას, სად წავიდეს?!”- ამბობს დეპორტირებულ მესხთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციატოლერანტისთავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. ერთ-ერთ შემთხვევაზესამხრეთის კარიბჭეგასულ ნომრებშიც წერდა. ასევე უშედეგოდ სცადა უკან დაბრუნება საქართველოდან აზერბაიჯანში სამუშაოდ წასულმა დავუთ არიფოვმაც.

არიფოვებიც და გოჰაროვებიც ამჟამად მხოლოდ სტატუსის საკითხის განხილვას ელოდებიან. მათი ერთადერთი იმედი ჯერ სტატუსის განცხადების დადებითი პასუხი (ანუ, დადასტურება, რომ აპლიკაცია უხარვეზოა და განიხილავენ სტატუსის მინიჭების საკითხს), ხოლო შემდეგ მოქალაქეობის მიღებაა. ეს კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და რამდენიმე წელს მოითხოვს.

სტატუსის მისაღებად განაცხადი გოჰაროვებმა აზერბაიჯანში შეიტანეს. უხარვეზოა თუ არა მათი აპლიკაცია ჯერ არ იციან, რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.  

მოქალაქეობის მიღება გოჰაროვებმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სცადეს. მოქალაქეობის მისაღებად ფავზია გოჰაროვმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადი შეავსო და შესაბამისი თანხა, 200 ლარიც გადაიხადა.

მიმდინარე წლის 22 მარტს გოჰაროვებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან წერილი მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფავზია გოჰაროვას მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე უარი ეთქვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ¹80 დებულების შესაბამისად, განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ფავზია გოჰაროვასთვის, (დაბადებული 18.05.1978 წელს უზბეკეთის რესპუბლიკაში, პასპორტის ნომერი 4061215) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმე. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის ¹80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფავზია გოჰაროვას მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა”, - ნათქვამია პასუხში, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე, სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

წერილში მითითებულია, რომგადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, (მისამართი თბილისი, აღმაშნებლის ხეივანი, მე-12 კმ. ¹6.) კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში”.

მეზობლებმა ამიხსნეს რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შემიძლია, მაგრამ არ ვაპირებთ. სტატუსის საკითხების განხილვას ველოდებით, - ამბობს ფავზია გოჰაროვა და ამატებს, რომ ახლა მთავარი ოჯახის წევრის უკან დაბრუნებაა, - ბაბუა აზერბაიჯანში ნათესავებთან ცხოვრობს. რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს იქ?! ეს მისი სამშობლოა, ძლივს ჩამოვიდა და ახლა ისევ დაბრუნების მოლოდინშია. ალბათ დავითანხმებ მეუღლეს და წერილებს გავაგზავნი”.

ვინ შეიძლება დაეხმაროს გოჰაროვებს, გაურკვეველია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გოჰაროვების პრობლემის შესახებ არაფერი იციან.

რაც დავინიშნე, განცხადება არ შემოსულა. ვიცი, რომ ზოგადად მესხებს საბუთებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ვიწყებ გასვლებს სოფლებში და უშუალოდ შევხვდები ყველა მოსახლეს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე, რომელიც გამგებლის პოსტზე მიმდინარე წლის 12 აპრილს დაინიშნა.

გოჰაროვების მდგომარეობის გარკვევასამხრეთის კარიბჭემსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სცადა, თუმცა, უშედეგოდ. სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ ცხელი ხაზის ნომერს (832) 43 11 00 არავინ უპასუხა.

სტატიები ამავე თემაზე:

მუსლიმანი მესხების მოლოდინი;

გაუფორმებელი განათლება

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი