ახალქალაქის ბიბლიოთეკები და მათი პრობლემები


  რა მდგომარეობაშია წიგნები ახალქალაქის მოქმედ და დახურულ ბიბლიოთეკებში; ამართლებს თუ არა იმედებს სოფლებში ახლადგახსნილი ბიბლიოთეკები, ახლდება თუ არა წიგნადი ფონდი და როგორია მკითხველთა მოთხოვნილება – “სამხრეთის კარიბჭეახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების კავშირის დირექტორს თეკლე ვახტანგიშვილს ესაუბრა.

შუშან შირინიანიახალქალაქი
 

- რამდენი ბიბლიოთეკაა მუნიციპალიტეტში, როდის გაიხსნა ისინი და რა მდგომარეობაშია?

ამჟამად მუნიციპალიტეტში 17 ფილიალი გვაქვს და თითოეულში ერთი ადამიანი მუშაობს. უმჯობესი იქნებოდა, მეტი ყოფილიყო, რადგან არის დიდი სოფლები, სადაც ბიბლიოთეკები არ მუშაობს. გასულ წელს ახალი ბიბლიოთეკა მხოლოდ სოფელ კარტიკამში გაიხსნა. მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები, როგორც ახალი ორგანიზაციები, 2008 წელს ამუშავდა. პირველ წელს ოთხ სოფელში გავხსენით, 2009 წელს კი - 12 სოფელში. საწვავით ვერ ვამარაგებთ, ამიტომ თანამშრომლებს საათობით იქ დარჩენას ვერ ვავალდებულებთ. სამწუხაროდ, ბიბლიოთეკების რემონტის დროს საკვამურები ყველგან არ გაკეთდა, სადაც ღუმელი დგას, თანამშრომლებს სახლიდან მოაქვთ შეშა. ამის საშუალება ზაქისა და კოთელიას ბიბლიოთეკებშია. ცუდ მდგომარეობაშია სოფელ მაჯადიაში მოქმედი ბიბლიოთეკა.

- რა შეიცვალა დაფინანსების მხრივ?

დაფინანსება მხოლოდ ხელფასების კუთხით გაიზარდა. თანამშრომლებს 35 ლარით მოემატათ ანაზღაურება და 135 ლარს იღებენ.  

- რომელ სოფლებში ითხოვენ ბიბლიოთეკის გახსნას და რამდენადაა ეს შესაძლებელი?

ახალი ფილიალების გახსნას არ ვგეგმავთ, რადგან დაფინანსება არ გვაქვს. მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით, სოფლებში ტურცხი, ოლავერდი, სამსარი, ალათუმანი, ბუღაშენი, ლომატურცხი და მერენია. მათ მოგვმართეს და ჩვენც მუნიციპალიტეტის გამგებელს გავუგზავნეთ განაცხადი.

- 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ დილისკასა და ხანდოს იმ დროისთვის უკვე გახსნილ ბიბლიოთეკებს ორი კომპიუტერი აჩუქა. რატომ დგას ისინი ჯერ კიდევ ახალქალაქში?

გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომ კომპიუტერები დროებით აქ დარჩენილიყო, რადგან სოფლის ბიბლიოთეკებს მათი შენახვისა და მოხმარების პირობები არ გააჩნიათ. მათთან არ არის ელექტროენერგია.

- რა გაკეთდა პრეზიდენტის ვიზიტისთვის ნაჩქარევად გახსნილ ბიბლიოთეკებში მას შემდეგ?

არ ვიცი, რემონტი გაკეთებულია, მაგრამ ელექტროენერგია არ არის. ასევე, არაა მოწყობილი საკვამურები. ბიბლიოთეკის შენობები არჩევნების დროს ნაჩქარევ ტემპში აშენდა. ხანდოში ოთახი დიდია, წიგნებიც კარგია და მოწესრიგებულადაა დალაგებული,     დილისკაში კი ოთახი პატარაა და ყველა წიგნი არ ეტევა.

- ბოლოს როდის განახლდა საბიბლიოთეკო ფონდი?

ახალი წიგნები ქართულ და რუსულ ენებზე ორი წლის წინ, თბილისიდან მივიღეთ, მაგრამ ძალიან ცოტა. მხოლოდ საიათნოვას წიგნი იყო სამივექართულ, სომხურ და რუსულ ენაზე. კულტურის სამინისტრომ თავიდან 1000-ლარიანი ვაუჩერი მოგვცა, შემდეგ კი   700 ლარამდე შეგვიმცირა. ეს საჭირო წიგნების შესაძენად ძალიან მცირე თანხაა. შარშან ვაუჩერები არ ყოფილა, ჯერჯერობით, არც წელს გვაქვს და არც ვიცით, იქნება თუ არა. ორი წლის წინ წიგნები სომხეთმაც გვაჩუქა, მაგალითად, შირაზი.

- რა წიგნებზეა მოთხოვნა?

არის სპეციალური ლიტერატურის საჭიროება, მაგრამ თუ მკითხველი ასეთ წიგნებს ითხოვს, იძულებული ვართ, უარი ვუთხრათ. მხატვრული ლიტერატურა გვაქვს, ამ თემატიკით მკითხველის მომსახურება თავისუფლად შეგვიძლია. მართალია   ძველი გამოცემებია, მაგრამ წაკითხვა შესაძლებელია. ახალი მხატვრული წიგნები ოცი წელიწადია არ მიგვიღია. რაც შეეხება პროფესიულ ლიტერატურას, უმაღლეს სასწავლებლებში ახლა უკვე განახლებული გამოცემებით სწავლობენ.

- ბევრი მკითხველი გყავთ?

485 მკითხველი გვყავს. ადრე გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ მკითხველთა რიცხვმა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილიალის დახურვის შემდეგ მკვეთრად მოიკლო.

- იყო საუბარი სოფლის დახურული ბიბლიოთეკების სკოლის ბიბლიოთეკებთან შეერთების შესახებ. იყო თუ არა ასეთი პრეცედენტი?

ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო და პირველივე დღეებიდან ვეწინააღმდეგებოდი. სკოლის ბიბლიოთეკებს არდადეგების დროს მკითხველთა მომსახურება არ სურთ, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ. მეორეც, მათ ცუდი პირობები აქვთ, წიგნების დასალაგებლად საკმარისი ადგილი არ არის.  

- რამდენი ბიბლიოთეკა გაერთიანდა ამ მეთოდით?

ჩემი თანხმობით ეს მხოლოდ სოფელ აზავრეთში მოხდა. მიღება-ჩაბარების პროცესში პირადად ვმონაწილეობდი. ფონდი დავახარისხეთ, ძველი, დახეული და იდეოლოგიურად მოძველებული წიგნები ჩამოვწერეთ. მაგრამ გასულ წელს სკოლის დირექტორმა წიგნების წაღების თხოვნით მოგვმართა, რადგან მათთან შემცირება მოხდა და ბიბლიოთეკის შენახვა აღარ შეეძლოთ. საუბარი იყო კიროვაკანის ფონდის სკოლის ბიბლიოთეკასთან შეერთების შესახებაც, მაგრამ წიგნის ფონდის მიღების წინადადებით კონკრეტულად არავის მოუმართავს.

- სად და რა მდგომარეობაშია დახურული ბიბლიოთეკების წიგნები

ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ დახურულ შენობებში, ცუდ მდგომარეობაში. ბევრს წიგნის ფონდი სახლში, დაკეტილ ოთახებში აქვს. ვისაც წიგნები უყვარს, უვლის კიდეც, მაგრამ სოფლიდან წასულთა სახლებში დალაგებული წიგნები, სინესტის გამო, ალბათ უკვე გაფუჭებული იქნება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი