ეკოლოგიური საფრთხეები და დასაქმების პრობლემა.


სახელმწიფოს პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად; შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო; 

შპს ''ენერგოტრანსმა''  ''შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის'' განხორციელება დაიწყო.

''ჩვენი კონტრაქტორი კომპანია ''სიმენსი'' მიწის სამუშაოებს თებერვლიდან ატარებს. პროექტით მშენებლობის დაწყება სწორედ ამ დროიდან იყო გათვლილი, - ამბობს შპს ''ენერგოტრანსის'' დირექტორი კახა სეხნიაშვილი და ამატებს, რომ პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერები უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიებიც გამოვლინდა. ასევე, პროექტის დაფინანსების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკებთან - EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი), KFW (რეკონსტრუქციის ბანკი). დღევანდელი მდგომარეობით საკრედიტო რესურსებიდან ათვისებული 64,4 მილიონი ევროა.

პროექტის მიზანი საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებაა. ამდენად, მისი ერთ-ერთი ნაწილი სამხრეთ საქართველოზე გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დასრულებაა. ხაზი ახალციხის გავლით გარდაბანსა და ზესტაფონს დააკავშირებს, ამასთანავე ახალციხიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი ხაზი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ახალციხისა და ზესტაფონის ქვესადგურები; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის მახლობლად კი ახალი ქვესადგური აშენდება.

ამჟამად, ვარძიის უბანზე სადენის დამონტაჟება მიმდინარეობს. პარალელურად, სამუშაოები ხორციელდება ზეკარი ზესტაფონისა და ახალციხის უბნებზე. აქ არსებული დაზიანებული ანძების და ფუნდამენტების დემონტაჟი ხდება, ასევე, სრულდება ახალი ანძებისა და ფუნდამენტების დამონტაჟებაც.

``ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, როგორც სამხარეო ადმინისტრაციასთან, ასევე, იმ სოფლების რწმუნებულებთან, რომლების ახლოსაც ქვესადგური შენდება. მათ ვაძლევთ იმ სამუშაო ადგილების ჩამონათვალს, რომლებიც ამჟამად ვაკანტურია. ამ ყველაფერს კოორდინაციას სამხარეო ადმინისტრაცია უწევს. მათი საშუალებით ეს სიები სოფლის რწმუნებულებს გადაეცემათ და თვისუფალი ადგილების ათვისება მას შემდეგ ხდება``, – გვიხსნის სეხნიაშვილი.

სეხნიაშვილის განმარტებით, 100-მდე სამუშაო ადგილი მხოლოდ ადგილობირვების დასასაქმებლადაა გათვალისწინებული: ``სიმენსმა`` გამოთქვა სურვილი აქ მცხოვრებლები დაესაქმებინა. სამუშაო ადგილი ნებისმიერი კვალიფიციური კადრისთვის იქნება როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ``.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტში დასაქმების მსურველებისა და ვაკანსიების რაოდენობის შესახებ, ``არაფერი სმენიათ``. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ია გოგატიშვილმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინსიტრაციის არა ერთ თანამშრომელთან ``სამხრეთის კარიბიჭესთან`` ერთად გადაამოწმა: ``ჩვენთან მსგავსი განცხადებები არც აქამდე შემოსულა და არც ახლა შემოდის. არავინ არაფერი იცის``.

განაცხადები, დასაქმებასთან დაკავშირებით, არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებაში გროვდება.

``რამდენადაც ვიცი ჯერ პროექტის მშენებლობაც კი არ დაწყებულა. ჩვენ ასეთი განცხადებები არ მიგვიღია``, - ამბობს ახლაციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯინიუზაშვილი.

პროექტის მშენებლობისა და მით უფრო, დასაქმების შესახებ, არც ახალცხიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იციან.

``არა, ჩვენთან ასეთი განცხადებები არ შემოდის``, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ ასპანიძემ.

სოფელ ზიკილიის რწმუნებულის მალხაზ ინდუაშვილის განცხადებით კი, ამჟამად პროექტზე დასაქმებული მხოლოდ ოთხი ადგილობრივია: ``ორი ქალი დამლაგებლად მუშაობს, ორი კაცი – მუშად``.   

რაც შეეხება პროექტის გარემოზე ზემოქმედებას, როგორც ასოციაცია ``მწვანე ალტერნატივას`` მიერ შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისათვის დაწერილ შენიშვნებში ვკითხულობთ, ეს ძირითადად ტყის მცენარეულის მთლიანად მოშორებაში გამოიხატება: ``ტყიან მიწებზე ზემოქმედება საერთო ზემოქმდების 75 პროცენტს მოიცავს``. 

პროექტის თანახმად, ტრასის მთელ სიგანეზე ხეები და მცენარეული საფარი მთლიანად მოშორდება. მისი განხორციელების შედეგად კი ანძებთან და ქვესადგურთან არსებული მიწით სარგებლობა შეუძლებელი იქნება. ხეებისა და ბუჩქების გაკაფვა მგრძნობიარეს გახდის ნიადაგის ეროზიას, გზის გაკაფვა-გასუფთავებით გაიზრდება ზედაპირული ჩამდინარე წყლების ინტენსივობა. ყოველივე ეს ქვესადგურებისა და ანძების განთავსების ადგილებში გრძელვადიანი ზემოქმედება იქნება, რადგან ამ ადგილებში მშენებლობის შემდეგ მცენარეული საფარი ვეღარ განვითარდება.

``მწვანე ალტერნატივა`` შენიშვნებში აქცენტს ტყის ხანძრების პრევენციაზე აკეთებს: ``ვინაიდან ახალციხე-ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი ტყეები ხანძრების მომატებული საშიშროებით ხასიათდება. დაცულ ტერიტორიებთან კანონით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ხანძრების პრევენციის ღონისძიებები ინტენსიურად უნდა განხორცილდეს``.

პროექტის პირველი ფაზა 2012 წლის მაისში დამთავრდება. სეხნიაშვილის თქმით, ამ დროისთვის დენის ექსპორტირება უკვე შესაძლებელი იქნება. საბოლოოდ კი მშენებლობა 2013-ში დასრულდება. ამდენად, რამდენი ადგილობრივი დასაქმდება პროექტში ორწელიწადნახევრის განამვლობაში გაირკვევა. რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეებს, ალბათ მათი გამოვლენა პროექტის დამთავრების შემდეგ უფრო მოსალოდნელი იქნება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი