უსაფუძვლო მღელვარება


ჯავახეთის თემა ინტერნეტში

ვიდეო რგოლი ''ჯავახეთის ჰიმნი'' YouTube-ზე
19 თებერვალს აიტვირთა. 

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, გასული ორი კვირის განმავლობაში,სეპარატისტული ჯავახეთისთემა ფიგურირებდა. რა არის ასეთი რეზონანსის მიზეზი; ვის რა რეაქცია ჰქონდა; რას ვერ ჩაუღრმავდნენ ჟურნალისტები და რას ამბობენ ამ თემაზე ჯავახეთის მცხოვრებლები.

ჯავახეთში სრული სიმშვიდე სუფევდა მაშინ, როცა ამ სიტყვის ირგვლივ ვნებები არამხოლოდ ინტერნეტში დუღდა, არამედ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზეც.


ჯავახეთის თემა მასმედიაში

2 მარტს ინტერნეტ-ტელევიზიამ ITV.ge ახალი ამბების ბლოკში აჩვენა რეპორტაჟი, უფრო ზუსტად კი, ვიდეო რგოლიჯავახეთიდანაღმული რეგიონი”. სიუჟეტი ეხებოდა YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეო მასალას, რომელშიც ჯავახეთის ჰიმნის ფონზე გერბია გამოსახული. ITV.ge -ს მასალაში იტყობინებოდნენ, რომ სომხური ეროვნების ბლოგერები საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. მათ გაერო-სა და ევროსაბჭოს პეტიციითაც კი მიმართეს და ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების შევიწროვების შეწყვეტა მოითხოვეს. რეპორტაჟის ავტორმა ხათუნა კაციტაძემ, რომელიც ჯავახეთში არ ჩამოსულა და აქაურ მოსახლეობასთან პირდაპირი კავშირიც კი არ აქვს, YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეო-რგოლსა და უცნობი ბლოგერების მოთხოვნებზე დაყრდნობით, ჯავახეთი სახელმწიფოსთვის სახიფათო, სეპარატისტულ რეგიონად გამოაცხადა. სიტუაციის თავისებურად შესწავლის შედეგად ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ 2020 წლისათვის სომხეთი ჯავახეთს ხელში ჩაიგდებს.

საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ლექტორმა ზვიად ქორიძემ სიუჟეტის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი მასალები ჟურნალისტიკად საერთოდ არ შეიძლება იქნას მიჩნეული.

ამ სიუჟეტს აქვს დასახელება, რომელიც მაყურებელს ამზადებს ჯავახეთის, როგორც დანაღმული რეგიონის აღსაქმელად და ეს მიდგომა ყოველგვარი ფაქტებისა და არგუმენტების გარეშეა მოყვანილი. მაყურებელს აქვს სრულიად ბუნდოვანი წარმოდგენა, რომ ამ რეგიონში რაღაც საფრთხე არის, თითქოსდა რაღაც კონფლიქტი მწიფდება. და შენ, ჟურნალისტი, რომელსაც მაყურებლის ინფორმირება გევალება, ამ რეგიონს საზოგადოებას დანაღმულად წამოუდგენ” (www.ekhokavkaza.com).

3 მარტს presa.ge-ზე გამოქვეყნდა შორენა გოგოლაძის მიერ იგივე თემატიკის, ისევ YouTube-ზე ატვირთულ რგოლზე დაწერილი სტატია. ჟურნალისტმა ოფიციალურ ხელისუფლებას YouTube-ზე გავრცელებული ვიდეო რგოლის ირგვლივ კომენტარის გაკეთების თხოვნით მიმართა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. შორენა გოგოლაძე სტატიაში ისტორიულ მონაცემებს აღწერს და მასალა იქით მიჰყავს, რომ ეთნიკურ სომხებს უთხრასვინ ხართ თქვენ და რა უფლება გაქვთ რაიმე ქართულზე.  

აზერბაიჯანული მასმედია ჯავახეთის თემით უმალვე დაინტერესდა, აიტაცა და დაწერა. Vesty.Az-ის ჟურნალისტმა ბაჰრამ ბატიევმა ექსპერტების გამოკითხვა დაიწყო ჯავახეთის ავტონომიის თემაზე, რისი საბაბიც თითქოსდა სომეხი ბლოგერების მოთხოვნაში ავტონომიის მოთხოვნის ხსენება იყო. სინამდვილეში კი, ბლოგერთა მიმართვაში ავტონომიის მოთხოვნა არ ყოფილა. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საკითხი აქტუალურია. 15 მარტს საიტზე გამოჩნდა ბატიევის სტატია, უფრო სწორად, ორი ვრცელი კომენტარი ჯავახეთის ავტონომიის თემაზე, ერთი კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის მამუკა არეშიძისა და მეორეილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსისტეტის პროფესორის ოლეგ პანფილოვის. ორივე ექსპერტი ასკვნის, რომ ჯავახეთის საკითხში დაძაბულობა რუსეთს, მოსკოვს აწყობს.

ჯავახეთის თემამ გულგრილი არც მასმედიის სხვა ქართული და აზერბაიჯანული საშუალებები დატოვა. თუმცა საინტერესოა, რომ ამ თემას სომხეთის მასმედიაში ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია. ზოგიერთმა საშუალებამ copy-paste-ის მეთოდით გადმოიტანა ჟურნალისტთა სტატიები, რომლებშიც ITV.ge- ეთერში გასული სიუჟეტისა და თბილისელი სომხების რეაქციაზე წერდნენ. თავად სომეხი ეროვნების ჟურნალისტების, ექსპერტებისა და პოლიტოლოგების რეაქციების მოძიება ვერსად მოვახერხეთ.

თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხების რეაქცია

თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხების ასამბლეამ ქართული მედია-საშუალებები ქართველებსა და სომხებს შორის ეროვნული შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა. 11 მარტს ასამბლეის წევრებმა საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვნული საქართველოსოფისში ამ თემაზე პრეს-კონფერენცია ჩაატარეს.

პრეს-კონფერენციაზე გავრცელდა ასამბლეის ოფიციალური განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: “კატეგორიულად მიუღებელია სომხების წარდგენა ნაციად, რომელსაც პრეტენზია აქვს ქართველი ხალხის უმდიდრეს კულტურასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე”.

როგორია ინფორმაციული საბაბი

ვიდეორგოლი YouTube-ზე 2011 წლის 19 თებერვალს აიტვირთა, თუმცა, ინტერნეტ სივრცეში ის გასული წლიდან არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში დავინტერესდით, ვინ იყო ჯავახეთის ჰიმნისა და გერბის ავტორი. ყველაზე ზუსტი პასუხი, რაც მაშინ მივიღეთ: “საზოგადოებრივი ორგანიზაციებიიყო, თუმცა, როგორც ჩანს არა ჯავახეთში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რადგან ამ უკანასკნელთ აღნიშნული კლიპის შექმნაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

მეორე ინფორმაციული საფუძველი ბლოგი და ბლოგერთა მიმართვაა. 2011 წლის 23 თებერვალს gopeticion.com-ზესომეხი ბლოგერებისავტორობით დაწერილი, გაერო-, ევროკავშირისა და ევროპის კომისიისადმი მიმართული პეტიცია სახელწოდებითშეჩერდეს ქართული ხელისუფლების მიერ ჯავახელი სომხების დისკრიმინაციაგამოქვეყნდა. ამასთან, აღნიშნულ სტრუქტურებში კონკრეტული წარმომადგენლობითი პირების ვინაობის მითითებითურთ. პეტიციაში სიტყვა-სიტყვით ვკითხულობთ:

კერძოდ, ჩვენ მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვააგნ ჩახალიანი და შეწყდეს სომეხი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების დევნა.
2. სომხურ ენას მიენიჭოს სპეციალური რეგიონული სტატუსი რეგიონებში, სადაც სომხები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.
3. მიენიჭოს სომხურ სამოციქულო ეკლესიას სამართლებრივი სტატუსი და საბჭოთა კავშირის პერიოდში კონფისკებული სომხური ეკლესიები მის იურისდიქციაში დაბრუნდეს.
4. შეწყდეს სომხური სკოლებისგაქართულებისყოველგვარი პროგრამები.
5. გაუქმდეს სომხეთ-საქართველოს საზღვრის საბაჟო პუნქტის ბავრა-ნინოწმინდას მეშვეობით სომხური წიგნებისა და ბეჭდური მასმედიის შეტანის აკრძალვა.
6. გაუქმდეს საქართველოს ტერიტორიაზე ჯავახეთის პრობლემებთან დაკავშირებული სომხების შესვლის აკრძალვა”.

რას ფიქრობენ ჯავახეთში

იმ დროს, როდესაც სიტყვა ჯავახეთისა და ჯავახეთში მცხოვრებთა ირგვლივ ვნებები ბობოქრობს, აღნიშნულ მოვლენაზე ადგილობრივებს წარმოდგენაც არ აქვთ.

ალბათ ეს კლიპი ააწყო ვიღაც ახალგაზრდა ადამიანმა, თავისი 20-22 წლის ასაკისთვის ბუნებრივი პატრიოტული სულით აღსავსემ, ან სულაც, უსაქმურობის ნიადაგზე. და მერე რა?! ეს ხომ ინტერნეტია. აქ ადამიანები სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს ხომ მოსახლეობის აზრი არ არის”, - ამბობს კლიპსა და ბლოგერთა განცხადებაზე საზოგადოების რეაქციით აღშფოთებული ახალქალაქელი ქალბატონი.

იმ უმცირესობიდან, ვინც მასმედიაში ჯავახეთის თემაზე გამოხმაურებებს თვალს ადევნებდა, ბევრს სწყინს, რომ თემა ჯავახეთს ეხება, მასმედიაში ყველა ექსპერტად გამოდის, ყველაფერი იცის: აქ რა ხდება, რა უნდათ, რას ფიქრობენ, როგორ ცხოვრობენ, თავად ჯავახეთის მცხოვრებლებისთვის კი არავის არაფერი უკითხავს.

სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაცათა კავშირის წევრი არტაკ გაბრიელიანი მიიჩნევს, რომ ჯავახეთის ირგვლივ მღელვარება სომხეთის პოლიტიკური მიზნებისთვის, ხელოვნურად იქმნება: რატომ ახმოვანებენ ჯავახეთის საკითხს სომხეთის რიგი ორგანიზაციები და რატომ აკეთებენ განცხადებებს ამ თემაზე ადგილობრივებისთვის კითხვის გარეშე?! მათი ნაწილი ამას პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებს, ნაწილი კი სომხეთის პოლიტიკურ წრეებში თვითდამკვიდრებისთვის. ეს ახალი თემაა, რომელიც მოსახლეობას უფრო აინტერესებს, ვიდრე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები ან ყარაბაღის თემა.

რეაქცია ინტერნეტში

რა მიზნით და ვის მიერაც უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გაკეთებული, ფაქტია, რომ პუბლიკაციამ ჯავახეთის შესახებ ასობით კომენტარი, ლანძღვა-გინება, სიბრაზის გადმოფრქვევა და ბევრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სტატიის შემდგომ მკითხველთა კომენტარები დასაწყისში ეხება თემას, თუ რა ცუდები არიან სომხები, შემდეგ მკვეთრად გადადის რუსების ლანძღვაზე, ბოლოსკენ კი ყველა ივიწყებს სტატიასაც, ჯავახეთსაც და იწყება რუსულ-ქართული ომი, ოღონდ კომენტარებით.

რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი