უგულებელყოფილი რისკები


საერთო ეკოლოგიური საფრთხე საქართველოსა და სომხეთისთვის. საქართველოსთან ახლოს მძიმე ლითონებით დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია შენდება.  

თეგუტში, სომხეთის ტერიტორიაზე, სომხური კომპანია Armenian Copper Program- სპილენძისა და მოლიბდენის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს. თეგუტის საბადო ხანაძორის ხეობაში, საქართველოდან 10-15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საწარმოს ინდუსტრიული ნარჩენები, რაოდენობის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდი – 180-200 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

პროექტით 4 კილომეტრი სიგრძისა და 7 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის კუდსაცავის მშენებლობაა გათვალისწინებული. მძიმე ლითონებით დაბინძურებული, ნახევრადთხევადი ნარჩენების შემგროვებელი კონსტრუქცია მდინარე შნოღის აუზშია. შნოღი დებედას ერთ-ერთი მთავარი შენაკადია, დებედა კი სომხეთიდან საქართველოში მოედინება და მდინარე ხრამს უერთდება.

იმისთვის, რომ ხანაძორის ხეობის ამ ტერიტორიაზე კუდსაცავი აეშენებინათ, ტყის 7-კილომეტრიანი მასივი გაიჩეხა. ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად ხეობის ამ ნაწილის გათხრა სომხურმა კომპანიამ ორი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ტრანსასაზღვრო დაბინძურების რისკები მას დღემდე არ შეუსწავლია.

სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოპოვებითი სამუშაოები გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და ეკოსისტემის განადგურებას ხანაძორის ხეობაში. ტყის მასიური ჭრა კი გაზრდის მეწყერებისა და წყალდიდობების რისკს”, - ამბობს ასოციაციამწვანე ალტერნატივასდირექტორი მანანა ქოჩლაძე.

თუმცა მისი თქმით, ყველაზე დიდი რისკი დაკავშირებულია კუდსაცავთან, რომელმაც მილიონობით ტონა ტოქსიკური ნარჩენი უნდა შეაკავოს. რადგან კუდსაცავის ნებისმიერი გაჟონვა შეუქცევად ზიანს მიეყენებს არამხოლოდ სომხეთს, არამედ საქართველოსაც, ტოქსიკური ნივთიერებები კი ტრანსასაზღვრო მდინარე დებედაში მოხვდება: ყოველდღიურ საშიშროებას წარმოადგენს, როგორც მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ისე დროთა განამვლობაში, კუდსაცავისა და ზედაპირის დაშრობის შედეგად, ჰაერით ტოქსიკური ნივთიერებების გადატანა”.

კუდსაცავში შენახული ნახევრადთხევადი ნარჩენები კი ისეთ მძიმე ლითონებს შეიცავს, როგორებიცაა სპილენძი, ვერცხლი, მოლიბდენი. ამ ლითონებით დაბინძურებული მდინარით მორწყული ნიადაგიდან მძიმე ლითონები საკვებ ჯაჭვში გადადის და ონკოლოგიური და კანცეროგენული კერების საფრთხეს წარმოშობს.

ქოჩლაძის განმარტებით, სომხური კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ მოიცავს ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმას, რის გამოც ნებისმიერი ავარიის შემთხვევაში, ორივე ქვეყნის მოსახლეობა შესაძლოა მძიმედ დაზარალდეს.

შესაძლო ტრანსასაზღვრო რისკების განსახილველადმწვანე ალტერნატივამდა სომხურმა თეგუტის ტყის დამცველმა ჯგუფმა, ერევენში კონფერენცია მოაწყვეს და მასში როგორც სომხური, ასევე ქართული მთავრობების ჩართვასაც ეცადნენ, თუმცა უშედეგოდარცერთი სამინისტრო კონფერენციაზე არ გამოცხადდა.

სომხეთის ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული ქართული მხარე, რადგან საქართველო დღემდე არ არის მიერთებული ესპოს კონვენციასტრანსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”, - აცხადებს ქოჩლაძე და ამატებს, რომ სომხურმა მხარემ ნებართვის გაცემის პროცესში სრულად დაარღვია ორჰუსის კონვენციით აღებული ვალდებულებები და არ უზრუნველყო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

5-მა ქართულმა და 25-მა სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს განცხადებით მიმართა: გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები თეგუტის პროექტის ზემოქმედებისაგან გარემოსა და მოსახლეობის დასაცავად.

განცხადება პრემიერ მინისტრს, გარემოსდაცვის სამინიტროს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარვუდგინეთ, თუმცა დღემდე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია”, - გვიხსნის ქოჩლაძე.   

რა ღონისძიებების გატარებას აპირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებად, ან რატომ არ მოხდა აქამდე ესპოს კონვენციის რატიფიცირება, რის შემდეგაც სომხური მხარე ვალდებული იქნებოდა პროექტის შესახებ ინფორმაცია საქართველოსთვის მოეწოდებინა, ამ კითხვებზესამხრეთის კარიბჭემგარემოსდაცვის სამინისტროსგან  პასუხი ვერ მიიღო. ქოჩლაძის განცხადებით, კი აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების საკითხი ქვეყანაში არა ერთხელ დამდგარა: უამრავ პროექტს შორის, სომხეთში ატომური რეაქტორის მშენებლობის საკითხიცაა, რომელზეც ტრანსასაზღვრო ზემოქმედების შესწავლა აუცილებელია”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე 

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი