თამუნა უჩიძე, ახალციხე
მდინარე ფოცხოვის ნაპირსამაგრი სამუშაოები ასპინძის ქუჩაზე; დასრულდა თუ არა ჯებირის მშენებლობა; რამდენად საიმედოდ ამაგრებენ ნაპირს და რატომ წუხს მოსახლეობა;
მდინარე ფოცოხვზე ხიდის მშენებლობის წამოწყებისთანავე, ასპინძის ქუჩაზე ხიდამდე მისასვლელი გზის მშენებლობა და გზის გასწვრივ ჯებირის გაკეთებაც დღის წესრიგში დადგა. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამავე ქუჩის მაცხოვრებლების მიერ, ნაპირზე გაშენებული ძროხის სადგომები, საქათმეები და ბაღ-ბოსტნები მოშალეს.
ასპინძის 38-ში მცხოვრებ ციური ჯვარიძეს, სანაპიროზე, 300 მეტრზე ყურძენი, თუთა, ჭანჭური, თხილი, ჟოლო, პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს: “ჯერ ჩემი ნაკვეთი მშენებლობაში არ მოხვედრილა. თუ გააგრძელებენ შენებას, მაშინ აღება მეც მომიწევს”.
ის,
ვისაც ძროხის სადგომებისა და ბაღების აღება უკვე მოუწია, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს მეზობლებთან შედარებით უფრო ადრე მოუხდათ: “ნახევარზე მიატოვეს ჯებირის მშენებლობა, ნახევარი, ტრაქტორით გადათხრილი ადგილი კი ისე დატოვეს. თუ ჯებირი დასაცავად კეთდება და წყალი ადიდებისას ამ ნაპირსამაგრამდე აღწევს, მის გასწვრივ გათხრილ სანაპოროს რა ეშველება?! ასე წყალი ჯებირს უკანაც აღმოჩნდება და მის გაკეთებას მაშინ რა მნიშვნებლობა ჰქონდა?!” - კითხულობენ ასპინძის ქუჩაზე მცხოვრებლები.
ამავე ქუჩაზე მცხოვრები თემური ტატალაშვილი ყურადღებას გაკეთებული ჯებირის გამძლეობაზე ამახვილებს: “ბეტონი პირდაპირ, ისე ჩაასხეს, რომ შიგნით ერთი ალმატურაც კი არ ჩააყოლეს. არ ვიცი მხოლოდ ბეტონი რამ უნდა გააჩეროს?! ასე წყალი ძირს იოლად გამოუთხრის და დაინგრევა”.
მისი თქმით, გაზაფხულობით ფოცხოვი საკმაოდ დიდდება და იქ,
სადაც ნაპირსამაგრი მყარი არაა, ანგრევს კიდეც: “პირველ სკოლასთან ჩამოშლილი ჯებირის შემდეგ ალმატურები მოქსოვეს და ბეტონი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხეს”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ნაპირსამაგრი ბეტონთან ერთად რკინითაცაა გამაგრებული.
“რკინის კონსტსტრუქციების გარეშე ასეთი რამ საერთოდ არ კეთდება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურა ჭელიძე.
იგივეს აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი: “მანდ დიდი რაოდენობით ალმატურა ჩაიყარა, ისე ბეტონს ვერ ჩაასხამდი. ბეტონი კი უმაღლესი ხარისხისაა, ვალეში ბეტონის ქარხანაში, ლაბორატორიაში, მისი კონტროლი მუდმივად ხორციელდება”.
“არნაირი ალმატურა, და რკინა ჯებირის მშენებლობისას არ გამოგვიყენებია – აცხადებს სამშენებლო კომპანია “მითის” დირექტორი თამაზ მიქაუტაძე, რომელმაც ასპინძის ქუჩაზე ნაპირსამაგრი ააშენა - თუ წყალმა ჯებირს ძირი გამოუთხარა, ალმატურას ვერ წაიღებს?! მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მაგრამ, გავაკეთეთ 300-მარკიანი და არა 100-მარკიანი ბეტონით”.
ნაპირსამაგრის მშენებლობა თბილისურმა კომპანიამ 1 ივლისს დაიწყო. პროექტს ახალციხეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად შესასრულებელ სამუშაოზე ტენდერიც მან გამოაცხადა. “მითი” ჯებირს 463 965 ლარად აშენებს.
ასპინძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი განხორციელებული პროექტით კამყოფილია.
“ყურადღება არ მიმიქცევია რამდენად საფუძვლიანად და მყარადაა გაკეთებული. მაგრამ, რაც გაკეთდა, იმისაც მადლობლები ვართ. ანტისანიტარიაში ვცხოვრობდით, ახლა გაიწმინდა ქუჩა, ასფალტიც დააგეს და ბუნკერებიც დაიდგა”, - გვითხრა ასპინძის ქუჩის ¹30-ში მცხოვრებმა ეკა წამალაშვილმა და დაამატა, რომ რამდენადაც თავად იცის, ჯებირის მშენებლობა არ დასრულებულა და ის ქუჩის ბოლომდე უნდა გაკეთდეს.
საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჯებირის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ის მართლაც ასპინძის ქუჩის ბოლომდე უნდა მივიდეს: “სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, დასრულებულს 23 ნოემბერს ჩავიბარებთ. ჯებირის გასწვრივ კი გამწვანებას და განათებას გავაკეთებთ, დავდგამთ სკამებსაც”.
“რაც გეკეთდა ეგაა, როდის რა გაგრძელდება არ ვიცი. ამჟამად 290 მეტრია დასრულებული, მხოლოდ ხიდის მიმართულებითაა 20 მეტრი დარჩენილი და მანდაც ბურჯების დამაგრებაზე ვართ დამოკიდებული. პროექტს პირველ ნოემბრამდე ჩავაბარებთ”, - გვიხსნის მიქაუტაძე.
ხიდის მშენებელი კომპანიის, შპს
“ვანტის” სამუშაოთა მწარმოებლის ზურაბ ფარცვანიას თქმით, ხიდის ბურჯები კოჭების დადების შემდეგ დამაგრდება: “ახლა ჩავასხით ბურჯი, ბეტონის გაშრობას ველოდებით. 5-6 დღეში დავასრულებთ”.
ახალციხის მუნიციპალიტიტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დავით ჩაჩანიძის თქმით, პროექტი იმას ითვალისწინებდა, რაც გაკეთდა: “ჯებირის მშენებლობა სამომავლოდ გაგრძელება თუ არა, მიმდინარე წლის ბოლოს გაირკვევა, ანუ მაშინ, როცა უკვე მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას დაასრულებენ”.
რაც
შეეხება ჯებირის გამძლეობას, ინჟინერ-გეოლოგის დავით სირბილაძის განმარტებით, რკინა-ბეტონი უფრო მყარია, თუმცა, მისი გაკეთების შემთხვევაში პროექტის ხარჯები იზრდება: “რკინა-ბეტონის გაკეთება ყოველთვის საჭირო არაა, ეს დამოკიდებულია ფერდობის მდგრადობაზე, რასაც უნდა მიებჯინოს ჯებირი, მდინარის რეცხვის სიღრმეზე, მაქსიმალური მოდიდების ნიშნულზე, ბეტონის მარკაზე. თუ დამპროექტებელმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა, მაშინ რკინაბეტონის გარეშე გაკეთებული ჯებირიც საიმედოა”.
იმედია, ნაპირსამაგრის მშენებლობა წესების დაცვითაა დაპროექტებული. რაც შეეხება მისი მშენებლობის ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებით დასრულებას, მუნიციპალური ბიჯეტის სიმწირიდან გამომდინარე, ნაკლებად საიმედოა.