მოსწავლე-მოქალაქე

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოდთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვდნენ. 

,,ღონისძიებაში მონაწილეობა რეგიონის თითქმის ყველა სკოლამ მიიღო. რომელიც გულისხმობდა კონკურსს თემაზე, როგორ მესმის სამოქალაქო საზოგადოება; რას ნიშნავს კარგი მოქალაქეობა და როგორ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო'', - განმარტავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.

აღნიშნული პროგრამა საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სამცხე-ჯავახეთში კი მისი განმახორციელებელი პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია. რეგიონის 41 სკოლის მოსწავლეების მიერ 300 თემა დაიწერა.


კონკურსში მონაწილეობა მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ.

,,საკმაოდ კარგი თემები იყო წარმოდგენილი. დაახლოებით 300 საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა, საიდანაც 70 ნამუშევარი შეფასდა და 24 გამარჯვებული გამოვლინდა. ასევე დაჯილდოვდა სკოლები აქტიური მონაწილეობისთვის'', - ამბობს კონკურსის კოორდინატორი მზია ინასარიძე.

კონკურსში ყველაზე მეტი ნამუშევარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლამ წარმოადგინა.

,,ჩვენი სკოლიდან 43 თემა იყო წარმოდგენილი და აქედან ერთი მოსწავლე დაჯილდოვდა. ხოლო სკოლას მადლობა გამოეცხადა, აქტიური მონაწილეობისთვის'', - ამბობს ყვიბისის საჯარო სკოლის დირექტორი ბაკურ გელაშვილი.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება

,,მსგავსი სახის ღონისძიებას ზაფხულისთვის ვგეგმავთ. თუმცა შეიცვლება უკვე რაიონი, და ეს არ იქნება ახალციხეში, ის ჩატარდება რეგიონის სხვადსხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ერთ-ერთ მიზანს ინტეგრაცია, გაერთიანება და ჩართვა წარმოადგენს'', - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე.

თამარ თოთაძე, ახალციხე
 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი