,,ალფა მარკეტი’’ ბაზრის ნაცვლად

ახალციხის აგრარული ბაზარი კოსტავას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადის.  

შპს ,,ალფა მარკეტი’’ – ასე ერქმევა აგრარულ ბაზარს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ყოფილი სამხედრო ნაწილის ადგილზე დაიწყებს ფუნქციონირებას. სამ ჰექტრამდე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
 

,,დაზვერვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. სანამ ცუდი ამინდებია, მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ’’, - ამბობს მშენებლობის სუპერვაიზერი გიორგი ნიჟარაძე.

ამჟამად, მშენებლობაზე 22 ადგილობრივია დასაქმებული. ნიჟარაძის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა საქმის მატებასთან ერთად გაიზრდება: ,,მშენებლობა ივლისში უნდა დასრულდეს, მაგრამ მანამდე ვგეგმავთ დამთავრებას’’.


როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ცენტრიდან ბაზრის გადატანაზე ,,დიდი ხანია ფიქობენ’’.

,,ბაზრის პრობლემა ახალციხეს წლებია აწუხებს. ყველი და ხორცი ერთმანეთზე აწყვია, სივიწროვე და სიბინძურეა. ბაზრის უკანა ქუჩაზე იმდენი მაწანწალა ძაღლია, ვერ აივლი, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი და დასძენს, რომ აქამდე ბაზრის გადატანა ბიუჯეტში სათანადო თანხის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა - ტერიტორია, სადაც ბაზარი გაშენდება, ინვესტორმა კერძო პირისგან იყიდა’’.  

ბაზრის გადატანის მცდელობა დაახლოებით რვა წლის წინ, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, საქსოვი ფაბრიკის შენობაში იყო. თუმცა, მაშინ ეს ვერც რაონის გამგეობისა და ვერც პოლიციის ძალით მოხერხდა. ამჯერად, ახალი ბაზრის აშენების შემდეგ, ვაჭრობა არამხოლოდ ქალაქის ცენტრში, არამედ ქუჩებშიც აიკრძალება. ,,ალფა მარკეტი’’  როგორც საცალო, ასევე ბითუმად გამყიდველებისთვისაც იქნება.
 
,,აქ იქნება ადგილი სეზონზე სატვირთო მანქანებით საზამთროს, ყურძნის, ასევე ფქვილისა და სხვა პროდუქტების გასაყიდად. დახლები ყველა პროდუქტისთვის ცალ-ცალკე გამოიყოფა და პერიოდულად გაირეცხება’’, - გვიხსნის გიქოშვილი და ამატებს, რომ დახურული, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბაზარი სამ მუნიციპალიტეტზე – ახალციხე, ასპინძა, ადიგენი – გაითვლება. აქვე იქნება ზოომაღაზია, ვეტაფთიაქი და ისეთი განყოფილებები, რომ სოფლიდან ჩამოსულ გლეხს შორს წასვლა აღარ მოუხდება.

ამჟამად მოქმედ ბაზარს 2156 კვადრატული მეტრი უკავია და ის ქალაქის ცენტრში გასული საუკუნის 40-იან წლებამდე გაშენდა.

,,არავის სურს იქ გადასვლა და ვფიქრობ, მოსახლეობის აზრს ანგარიში უნდა გაეწიოს. ეს ხელსაყრელი ადგილია, ტრანსპორტი არ გჭირდება, ფეხით მოხვალ. მანძილის გამო თამარაშვილის ქუჩაზე ბაზარს მყიდველების რაოდენობა მოაკლდება’’, - მიიჩნევს შპს ,,ბაზრის’’ დირექტორი ნიკოლოზ ჟუჟუნაძე.

მისი თქმით, ბაზარი გამყიდველებითა და მყიდველებით სავსე ისეც მხოლოდ ახალი წლისა და აღდგომის წინა დღეებშია: ,,აღარ მახსოვს ბოლოს ბაზარი სრული დატვირთვით როდის მუშაობდა. ისე კი სეზონობით დასავლეთიდან ჩამოსული მოვაჭრეები ადგილობრივებზე მეტნი არიან’’. 

დღეში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ბაზარში ორი ლარია. რა ეღირება იგივე ფართობი ახალ ბაზარში ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც მალხაზ გიქოშვილი ამბობს, ინვესტორთან ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ისაუბრა და ,,ალფა მარკეტში’’ სავაჭრო ადგილის საფასური ამჟამინდელ ფასზე მეტი არ ეღირება.

მოვაჭრეთა უმრავლესობა ახალ ბაზარზე საუბრისას აქცენტს სწორედ დახლის ღირებულებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ იქ კომფორტს და მაღალ ფასს, აქ დაბალი ფასი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ურჩევნია.

,,კონკურენცია უნდა იყოს და სადაც ნაკლები იქნება გადასახადი მოვაჭრეც იქ წავა. იმ ბაზარში გადასვლის სურვილი არავის აქვს, არც მე გადავალ, - აცხადებს ბურღულეულის გამყიდველი, რომელიც ბაზარში 18 წელია ვაჭრობს და პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, - ბაზარი ქალაქის ცენტრში უნდა იყოს, აქ ყველასთვის ხელსაყრელია. ერთი კონა მწვანილისთვის იქ ჩამოსასვლელად ტრანსპორტში თუნდაც 20 თეთრს არავინ გადაიხდის’’.

იგივე არგუმენტით, რომ თამარაშვილის ქუჩაზე ბაზარს მყიდველი არ ეყოლება, ,,ცენტრში ჯობია ბაზარი’’ ხილზე მოვაჭრე მიშა ხანდუტიანისთვისაც: ,,აქ სახლთანაც ახლოს ვარ’’.  

,,ბაზარი ცენტრში აწყობს’’ მწვანილის გამყიდველს საშა გელაშვილსაც, თუმცა, თუ თამარაშვილის ქუჩაზე შედარებით კომფორტულ გარემოს შესთავაზებენ, მაშინ საწინააღდეგო არაფერი აქვს: ,,სადაც უკეთესი იქნება იქ წავალ’’. 
გელაშვილის მოსაზრებას იზიარებს ადიგენის მუნიციპალიტეტის პატარა სმადაში მცხოვრები ემზარ იაკობაშვილი: `კარტოფილი, ნიორი და ხახვი მომაქვს ხანდახან გასაყიდად. თუ თამარაშვილზე უფრო ხელსაყრელი გარემო იქნება, იქ არ ჯობია?!~.

ბათუმიდან ჩამოსულ ციტრუსების გამყიდველს რევაზ გორგაძეს ღია ცის ქვეშ დგომას გადახურულში ვაჭრობა ურჩევნია.

არაერთგვაროვანია მყიდველების მოსაზრებაც.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრებ მანანა ნატრიაშვილს ბაზარი ავტოსადგურთან ახლოს ,,აწყობს’’ -  ჩამოხვალ სოფლიდან, იქვე მიხვალ, იყიდა რაც გინდა და დაბრუნდები უკან’’. 

თამარაშვილის ქუჩაზე ბაზრის გადატანა გამართლებულად მიაჩნია ახალციხელ ანასტასია რიკაძესაც: ,,არც სივიწროვე იქნება და არც სიბინძურე. მიწიდან ვყიდულობთ საკვებ პროდუქტებს, იქ დახლები კეთილმოეწყობა, ალბათ ტრანსპორტსაც დანიშნავენ. ხშირად არ დავდივარ ბაზარში, მაგრამ როცა მომიხდება, ისე ვივაჭრებ, როგორც ეს 21-ე საუკუნის ადამიანს შეეფერება”.

ახალციხელი მერაბ სებისკვერაძის მოსაზრებით, ,,ბაზარი გარე უბანშიც და ცენტრშიც აუცილებლად უნდა იყოს’’. მყიდველის მანანა გოგოლაძის აზრით კი ბაზრის ცენტრიდან გადატანა დაუშვებელია: ,,ეცდებიან პროდუქტი მინიმარკეტებში იყიდონ, ვიდრე ამხელა გზაზე იარონ’’.  

მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მდინარე ფოცხოვზე გაშენდება კაპიტალური სამანქანო ხიდი, რომელიც
ასპინძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,ივერიის ბინებამდე’’, ანუ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიამდე მივა: ,,ასე ქალაქის ერთი ნაწილი მეორეს დაუკავშირდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია’’. 

როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა, რამდენად ევროპული სტანდარტებით აღიჭურვება მშენებარე ბაზარი და ექსცესების გარეშე დატოვებენ თუ არა მოვაჭრეები ამჟამინდელი ბაზრის ტერიტორიას, მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაირკვევა. მანამდე კი ალბათ ისიც გადაწყდება, აშენდება თუ არა, ჯერ მხოლოდ იდეაში არსებული, ფიტნეს კლუბი იქ, სადაც თითქმის საუკუნის განმვლობაში ქალაქის მოსახლეობა პროდუქტების საყიდლად დადიოდა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი