დახმარება თვითმმართველობის ორგანოებს


ორგანული კანონი სომხურ ენაზე და გრძელვადიანი განვითარების გეგმები თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურებისთვის; რაში ეხმარება დემოკრატიული მმართველობის პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს.

დღეს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა ახალციხის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მიზანი გამგეობისა და საკრებულოს ეროვნებით სომეხი წარმომადგენლებისთვის მათ მშობლიურ ენაზე ნათარგმნი კანონთა კრებულის გადაცემა იყო. ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებითაც.  
 დემოკრატიული მმართველობა საქართველოში არის ამერიკის შეერთებული შტატების  განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომლის განხორციელებაც გასული წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წლის მარტამდე გაგრძელდება.

პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების დახმარებას, როგორც მათი საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მხრივაც. ვეცდებით გავააქტიუროთ არასამთავრობო სექტორი, ასევე გავაუმჯობესოთ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, - ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპონენტის ხელმძღვანელი ლევან ტაბატაძე.

მისი თქმით, პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტს დაეხმარება ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში, ასევე, ნარჩენების მართვის მრავალწლიანი გეგმის შედგენაში, პროგრამული ბიუჯეტების სისტემის დანერგვაში. მუნიციპალიტეტის თანაშრომლებს მათი უფლება-მოვალეობების შესახებ ჩაუტარდებათ ტრენინგები. პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის გაუმჯობესდება მოქალაქეთა მომსახურების ბიურო, რაც მისი კომპიუტერული პროგრამით აღჭურვაში გამოიხატება. მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სამი სახის კომპიუტერული პროგრამა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის, კორესპონდენციის მართვის პროგრამა კანცელარიისათვის, თანხების დარიცხვისა და ამოღების კომპიუტერული პროგრამა ნარჩენების მართვის სამსახურისთვის.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ეს სერვისი არის საუკეთესო საშუალება ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდისთვის, - აცხადებს მუნიციპალური მომსახურების მიმწოდებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჯაყელი და ამატებს, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე მუშაობა სწორედ ახლა იწყება - აქამდე მუნიციპალიტეტებს, როგორც წესი, ჰქონდათ ერთწლიანი გეგმები. დღეს კი მრავალწლიან სტრატეგიაზე ვსაუბრობთ. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სერვისის მოდერნიზაცია იწყება”.

ჯაყელის განცხადებით, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ცვლილება, ელექტროენერგიისთვის ნაგვის საფასურის მიბმა, ცოტა მაკაცრი, მაგრამ კარგი პრაქტიკაა: “მსგავსი მოდელის შემუშავება შეიძლება მოხდეს მუნიციპალიტეტებშიც”.

რაც შეეხება ღონისძიების მთავარ მიზანს, ორგანული კანონის სომხურ ენაზე თარგმნას, ტაბატაძის განცხადებით ესეც ერთგვარი დახმარებაა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ეროვნებით სომეხი მოქალაქეებისთვის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 7, საკრებულოში კი 5 სომეხი ეროვნების თანამშრომელია. ნათარგმნი სახელმძღვანელო ყველა მათგანს გადაეცა.

ქართულად წერა-კითხვა შემიძლია, მაგრამ კანონი ისეთი რაღაცაა, შეიძლება ყველაფერი ბოლომდე კარგად ვერ გამეგო. ყოველდღიურ საქმიანობაში ეს  სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დამეხმარება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რობერტ მურადიანი.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment