“რუსეთთან დიალოგის დაწყება აუცილებელია”

 კონსერვატორები საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე

რატომ დაიწყო ოპოზიციამ რუსეთთან საუბარი; რა შედეგები გამოიღო გასული წლის მიტინგებმა; როგორ მუშაობს კონსერვატიული პარტია საქართველოს რეგიონებში და როგორია მათი ხედვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებთან მიმართებითამ საკითხებზესამხრეთის კარიბჭესაქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

ქრისტინა მარაბიანი,  თბილისი

- თქვენი პარტია რუსეთთან ურთიერთობისდათბობისერთ-ერთი მომხრეა. რითი დაასაბუთებთ ამ მიდგომის სისწორეს და რას მისცემს ის საქართველოს?

- მივიჩნევთ, რომ ამჟამად არსებული ტერიტორიული მთლიანობისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან დიალოგის დაწყება აუცილებელია. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და პარტნიორებმა არაერთხელ მიგვანიშნეს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. გერმანიის ფედერაციამ, ფრანგებმა, ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მრავალგზის შეგვახსენეს, რომ საქართველოს ინტერესების გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ იმ ისტერიკას გავაგრძელებთ, რომელიც დღეს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ არის, სამომავლოდ ეს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებად შეიძლება გადაიქცეს.

ვფიქრობთ, რომ მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა, რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან დიალოგი აუცილებლად უნდა დავიწყოთ. დღევანდელი ხელისუფლების შექმნილი კონიუნქტურა, -  ვინც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ეცდება და ამ საკითხს წინა პლანზე წამოწევს, ყველა კრემლის აგენტი და სამშობლოს მოღალატეა, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას დაღუპავს. ჩვენ ამ კონიუნქტურის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ და ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დაგროვდა.

- რატომ დაიწყო ოპოზიციამ რუსეთთან თანამშრომლობა სწორედ ახლა? რამ გიბიძგათ ამ ცვლილებისაკენ, ოპოზიციაც ხომ ნატო-სკენ იხრებოდა, რუსეთთან კავშირი კი ამ ვექტორზე არაფრით თავსდება...

- ეს ვითარების შეცვლასთანაა დაკავშირებული. დღევანდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ თუ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში არაფერი შეიცვალა, ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. ეს უკვე ძალიან მკაფიოდ იგრძნობა. ამიტომაც წამოწია წინ ეს საკითხი კონსერვატიულმა პარტიამ რამდენიმე თვის წინ. და თუ ნატო-სთან ან სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებთან კავშირის შესახებ ვაცხადებთ, მათთან მუშაობაც უნდა გავაგრძელოთ.

რაც შეეხება იმ საკითხს, იქნება თუ არა საქართველოში სამხედრო ბაზებიეს მოლაპარაკების საკითხია. თუ რუსეთი ამის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ საქართველოში ნატო- ან ამერიკული ბაზების გახსნა პირდაპირ ურტყამს მის ინტერესებს სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთის ინტერესები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მაც აშკარად გვითხრა, რომ ნატო- კარი ჩვენთვის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიხსნება. მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ესრამდენიმე წელი”. თუ ჩვენ მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია გავხდეთ ნატო- წევრი და ეს ჰიპოთეტური წევრობა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე მაღლა დგას, უმჯობესია, რეალური პოლიტიკა ავირჩიოთ და ჩვენი საქმიანობა ასეთი ეფემერული პროექტებით არ დავტვირთოთ.

- დავუბრუნდეთ ოპოზიციის მიერ შარშან მოწყობილ დემონსტრაციებს. თქვენი აზრით, გამოიღო შედეგი ამ მიტინგებმა?

- არ ვფიქრობ, რომ ეს დემონსტრაციები წარუმატებელი იყო. როდესაც რაიმე საქმეს იწყებ, მისი უცბად დასრულება შეუძლებელია. შედეგი ისაა, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდება და მას პირდაპირ ამომრჩევლები ირჩევენ; საარჩევნო კომისია გულდასმით ადევნებს თვალს საარჩევნო სიებს; მოიმატა პენსიებმა; არემონტებენ გზებსა და ინფრასტრუქტურას; ყველა სოფელს რამდენიმე ათასი ლარი გამოუყვეს. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ დაინახა, რამხელა მხარდაჭერით სარგებლობს ოპოზიცია მოსახლეობაში, რომელიც ოპოზიციას იმიტომ უჭერს მხარს, რომ საბიუჯეტო ფინანსების ხარჯვის მიმართულება და სხვა პოლიტიკური ნაბიჯები მოსახლეობის ინტერესებს არ ემთხვევა. მოსახლება წელს ბიუჯეტიდან შარშანდელზე გაცილებით მეტს მიიღებს. ეს იმიტომ, რომ 2007 წლიდან სერიოზული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრებით ვცხოვრობთ.

- ეხება თუ არა ესმჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრებაქვეყნის რეგიონებს?

არა, არ ეხება, რადგან ყველა საინფორმაციო საშუალება სააკაშვილის ხელისუფლებას აქვსოკუპირებულიდა პრაქტიკულად, რეგიონებში მოსახლეობას ინფორმაცია არ მიეწოდება. თუ სანდო ინფორმაცია არ გაქვს და ახალ ამბებს ყოველდღე მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედისა და პირველი არხისგან იგებ, ფიქრობ, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა. უყურებ ტელევიზორს და გგონია, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. რეგიონების პასიურობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია. სწორი ინფორმაციის, თორემ დეზინფორმაციის უკმარისობას არ განვიცდით.

- როგორ მუშაობს თქვენი პარტია რეგიონებში?

დავდივართ რეგიონებში და პირადად ვხვდებით მოსახლეობას. ახლახანს ვიყავით კახეთში, გურჯაანის რაიონში, სადაც ხალხს შევხვდით. ამ შეხვედრაზე მათთვის ახალი ბევრი რამ ითქვა. ის, რაც თბილისის ყოველი მცხოვრებისთვის ბუნებრივია, იქ არ იციან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევხვდეთ მოსახლეობას, სხვა საშუალება არ გაგვაჩნია.

- გასულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მხარს ხელისუფლებას უჭერენ. როგორ მუშაობთYთქვენ მათთან და რას სთავაზობთ?

პარტიას გარკვეული პროგრამა აქვს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე. ეს ხალხიეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მშენებლობაში; უნდა იყვნენ საქართველოს უმაღლეს თანამდებობებზე, საწინააღმდეგო შემთხვევაში ქართულ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას ვერ მოვახერხებთ.

ამისათვის საქართველოს მთავრობას რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა გავუსწროთ. სახელმწიფომ ძალიან სერიოზული სახსრები უნდა დახარჯოს იმისათვის, რომ მარნეულის, ახალქალაქის, წალკის მუნიციპალიტეტებში ქართულად საუბარი ყველას შეეძლოს. თუ უმცირესობების წარმომადგენლებს ენა ეცოდინებათ, ფიქრის გარეშე დავნიშნავდი მაღალ თანამდებობებზე.

რამდენი წელია ამბობენ, რომ საჭიროა ამ ხალხის ინტეგრირება, რომ ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, საქმე არ კეთდება. ამას ყველანი კარგად ვხედავთ. ჩვენ ამ მიმართულებით დამუშავებული პროგრამა გვაქვს და როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, მას აუცილებლად განვახორციელებთ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ამაზე მხოლოდ საუბარი შეგიძლია, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელთ უკვე გარკვეული ბერკეტები გექნება.

,,მოსყიდვის ერთგვარი სახე”

არჩევნები და ადგილობრივი ბიუჯეტი; ემთხვევა თუ არა სოციალური პაკეტის გაზრდა ქვეყანაში დანიშნულ არჩევნებს.

 გულო კოხოძე, ახალციხე

 2008 წელი 21 მაისი საპარლამენტო არჩვენები.

 2008 წელი 5 იანვარი საპრეზიდენტო არჩევნები.

 2010 წელი 30 მაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2007, 2008, 2009 და 2010 წლის ბიუჯეტების მიხედვით შევეცადეთ, შეგვექმნა სურათი, რა ხდება მუნიციპალიტეტში.  

 2007 წელიადგილობრივ ბიუჯეტში იყო შემდეგი მუხლი: ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დედებისთვის მეოთხე და მეტ ახალშობილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა.

 2008 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ფინანსური  დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საერთოდ არ არის შეტანილი.

 2009 – 2010  წლების  ბიუჯეტში კი მუნიციპალიტეტის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაწესებული გადასახადის 100-პროცენტიანი შეღავათი სხვა გრძელ ჩამონათვალთან ერთად მრავალშვილიან ოჯახებსაც შეეხო.

 2010 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი -  სოციალური დაცვა – 488 000 ლარი

 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მშობიარობის 200 ლარიანი დახმარების პროგრამა.

 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გეგმიური საოპერაციო ხარჯების 30 პროცენტიანი თანადაფინანსების პროგრამა არაუმეტეს 1000 ლარისა და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების 50 თანადაფინანსების პროგრამა არაუმეტეს 1500 ლარისა.

 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული .. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობელთა შენატანის 50 პროცენტი შეღავათი. 

 . ახალციხეში წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50 პროცენტიანი შეღავათის პროგრამა.

 ახალციხის, ვალის, აწყურის .. მუსიკალური სკოლების მე-4-5-6 კლასის მოსწავლეთა გადასახადის 40 პროცენტიანი დახმარების პროგრამა.

 2009 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზემოთ მოცემული მუხლები შეტანილი საერთოდ არ არის, გარდა საოპერაციო ხარჯებისა და ისიც საკმაო სახეცვლილებით.

 ,,საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსპროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ სოციალური პაკეტის გაზრდის ტენდენცია თავისდავად არაა ცუდი და კანონიერია, თუმცა ,,სოციალური პაკეტის გაზრდის ტენდენციები არჩევნების დროს ბევრგან გვხვდება. მხოლოდ არჩევნების წელს არის და შემდეგ საერთოდ შემწყდარა ხოლმე სხვადასხვა დახმარების პროგრამები. ამას ამომრჩეველმა უნდა მიაქციოს ყურადღება და გაანალიზოს, თუ რა ხდება.

 სოციალური დახმარებების გაზრდა არ უნდა დაემთხვეს წინასაარჩევნო პერიოდს”, - მიაჩნია კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს.

 ,,სოციალური დახმარებების გაზრდა პირდაპირპროპორციულადაა მიბმული საარჩევნო პერიოდთან. გაჭირვებულ და ნაკლებად უზრუნველყოფილ პირთა და ოჯახთა მიმართ განხორციელებული სოციალური დახმარება ამ პერიოდში ნიშნავს გაჭირვებული ხალხის მოსყიდვას”, - აცხადებს იგი.

 მისივე თქმით, როცა იზრდება სოციალური პაკეტი, შესაბამისად მას უნდა მოჰყვეს სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის შემცირებაც.

 ,,არა მგონია, რომ შემცირებისკენ მიდიოდეს სოციალურად დაუცვლი პირების რაოდენობა. რა გამოდის? - ქვეყანა ვითარდება, როგორც მთავრობა წარმოგვიდგენს, ეხმარება გაჭირვებულებს, მაგრამ არ მცირდება ამ პირთა რაოდენობა. ბიუჯეტით თანხა გამოყოფილია და ამავდროულად იზრდება სოციალურ დაუცველ პირთა რაოდენობა, ანუ ქვეყანა არ ვითარდება?”- კითხულობს ოლეგ სანდროშვილი.